საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის აკადემიური საბჭო, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და სამეცნიერო-აკადემიური წრეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარსა და მინისტრის მოადგილეს, ნოდარ პაპუკაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ გახსნა. აკადემიკოსმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრსა და მის გუნდს უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საუნივერსიტეტო განათლების განვითარების, მისი ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობების ზრდისა და სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს შექმნისთვის მუდმივად ზრუნავს.
„ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მეტად დაუკავშიროს განათლება და მეცნიერება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, ქვეყნის განვითარებას. დღეს, მინისტრთან და მის გუნდთან ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური წრეების შეხვედრა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. მისასალმებელია მინისტრის სურვილი, მეცნიერებთან ერთად იმსჯელოს წარმატებებსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე, მათთან ერთად დასახოს პრობლემების გადაჭრის გზები, უპასუხოს მათ შეკითხვებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც მასშტაბით, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სკოლაა, რომელსაც მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან, წამყვან უნივერსიტეტებთან, მონაწილეობს ყველა გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტში. მიუხედავად წარმატებებისა, ჩვენც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კოლეგებო, მინისტრის და ასევე, ჩემი სურვილია ვიყოთ გულწრფელები, პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ. სწორედ ასეთი მიდგომა, მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც სამინისტროსთან უნივერსიტეტს აქვს, ის ფორმატი, რომელიც მინისტრმა შემოგვთავაზა, მიგვიყვანს განათლების სისტემის სრულყოფამდე, ქვეყნის წარმატებისა და მომავალი თაობებისთვის სასურველ შედეგებამდე.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა ქვეყანა ასახელონ. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, ქართველ მეცნიერებს სერიოზულ ფინანსურ და ორგანიზაციულ დახმარებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გაუნულდათ სწავლის საფასურის დავალიანება. ეს ყოველივე მიანიშნებს მთავრობის დამოკიდებულებაზე განათლებისა და ახალგაზრდების მიმართ, მაგრამ ხელისუფლება ითხოვს მეტს - უნივერსიტეტმა, მთავრობასთან და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა შეძლოს ძირეული ცვლილებების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
დღეს ჩვენ გაცილებით დიდი შესაძლებლობები გვაქვს, ვიდრე გვქონდა გუშინ. საქართველო კიდევ მეტად დაუახლოვდა ევროპას, ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი პოლიტიკური ხაზის ფონზე, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და როცა თვითშეფასების დოკუმენტში განათლებისა და მეცნიერების მიმართულება პირველ ადგილზე აღმოჩნდა, აკადემიურ წრეებს ეს არ გაკვირვებია. საგანმანათლებლო სივრცეში ყველა წარმატება პირდაპირ აისახება სტუდენტზე, რომელმაც უნივერსიტეტში მიღებული განათლება უნდა მოახმაროს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას, საქართველოს სახელი კი უნდა გაიტანოს მსოფლიო არენაზე, მით უმეტეს, დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ეს უდიდესი წარმატება ქვეყანასა და მთავრობას, პარლამენტს, თითოეულ ჩვენგანს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ღონისძიების მონაწილეებს მეცნიერების განვითარებასა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები წარმატების საფუძველია, თუმცა წინსვლისთვის საჭიროა მეტი სასიკეთო ცვლილება, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.
მინისტრის განცხადებით, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ინიციატივები უკეთესი მომავლის საფუძველს იძლევა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და სტუდენტთათვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას. პარალელურად, სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციასა და მეცნიერებს.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, რა დროსაც მინისტრმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.