საქართველოს ეკონომიკა ნოემბრის თვეში 5.9 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, 11-თვის რეალური ზრდის საერთო მაჩვენებელი 6.9%-ია, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.
„დღეს წარმოგიდგენთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა ნოემბრის თვეში 5.9 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, 11-თვის რეალური ზრდის საერთო მაჩვენებელი გახლავთ 6.9 %.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია. ეს გახლავთ: დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები.
2023 წლის 11 თვეში, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,1 %-ით, ხოლო იმპორტი 16,1 %-ით. ასევე, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. საწარმოთა შემცირება მოდის უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
დაახლოებით 2.6%-ით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 12 მლრდ. 360 მლნ. ლარს გადააჭარბა“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
გოგიტა თოდრაძემ, ასევე, დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მონაცემების გამომწვევ მიზეზებზე.
„რაც შეეხება მიზეზებს, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, აქ ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე, სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიც არის, მაგალითად, ხიდების, გვირაბების, გზებისა და ავტობანების მშენებლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 33%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.
რაც შეეხება პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სამუშაოებს, აქ ზრდა დაკავშირებულ იყო სარეკლამო საქმიანობების, ასევე არქიტექტურული საქმიანობების მომსახურების ზრდასთან.
რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზრდის მიმართულებით, აქ ძირითადად ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. 2023 წლის ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებელი.
რაც შეეხება კლების ტენდენციებს, უპირველეს ყოვლისა ეს გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. აქ კლება ძირითადად, დაკავშირებულ იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად, მინერალური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 22%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. შემცირებულია ასევე სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით. ეს აისახა ექსპორტის მაჩვენებელზეც, დაახლოებით 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ კლება, ძირითადად დაკავშირებულ იყო თბოსადგურების გამომუშავების შემცირებასთან. კერძოდ, დაახლოებით 27%-ით შემცირდა თბოსადგურების გამომუშავების მაჩვენებელი ნოემბერში.
და ბოლო სექტორი, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი, ამ მიმართულებით კლება ძირითადად დაკავშირებული იყო დასაწყობების და დამხმარე საქმიანობების მომსახურების მოცულების შემცირებასთან“, - განაცხადა თოდრაძემ.