დამერწმუნეთ, დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს.
"დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. თქვენ იცით, ამასთან დაკავშირებით ასევე მუშაობენ კომისიები. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე პერიოდში. ეს მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას. აუცილებლად იქნება შედეგი. ძალიან გთხოვთ, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. გვაქვს პოზიტივი, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც შეეფერებათ სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს. ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია. თქვენ მომსწრე ხართ, შარშან, შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის სამთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“,- განაცხადა ელჩმა.
დიპლომატის განმარტებით, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 3 ქვეყანაში ელჩებს მოუსმინეს და ფართოდ განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
„დღეს არაერთგზის ნახსენები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივა,ზუსტად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან 3 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრების ჩართულობით გაგრძელდება მედიაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს მოგვეცა საშუალება საგარეო კომიტეტში შევკრებილიყავით და ფაქტობრივად, რეგიონულ ჭრილში განგვეხილა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. 3 ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენელი, როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, ასევე თურქეთში ვესწრებოდით დღევანდელ სხდომას. შესაბამისად, განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებიც იყო განხილული და რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობა. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. დღეს მოგვეცა საშუალება პარლამენტარებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პრაქტიკა ძალიან სასარგებლოა და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას“,-განაცხადა ელჩმა.