ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და როგორც თითოეული ჩვენგანი, ისე ბიზნესიც აჯამებს უკვე განვლილ 2023 წელს. სამომავლო გეგმების დასახვამდე, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რა მიღწევებით ვასრულებთ განვლილ პერიოდს და რა გამოწვევების წინაშე ვართ. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტიანად ვიაროთ ახალი მიზნებისკენ და გავაგრძელოთ განვითარება.
რა მნიშვნელოვანი ლიტერატურული, სოციალური თუ ბიზნეს პროექტები განახორციელა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ და რას ჰპირდება ის მკითხველს ახალ 2024 წელს ამის შესახებ დეტალურად საუბრობს „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე:
2023 წელი იწურება და ამდენად, საინტერესოა, რითი იყო გამორჩეული ეს წელი „გამომცემლობა „პალიტრა L-ისთვის“?
როგორც ყოველთვის, 2023 წელიც ახალი პროექტებით, გამოწვევებითა და სიახლეებით იყო დატვირთული. ეს წელი ლიტერატურულ კონკურსებში მიღწეული წარმატებებითაც გამორჩეული აღმოჩნდა: ჩვენი ავტორები ლუკა ბაქანიძე ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „წლის პროზაული კრებული“, მათე ბაღაშვილმა კი „წინანდლის პრემია“ მიიღო პროზის ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ მათე ბაღაშვილი გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“-ის გამარჯვებულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და მოწმობს იმას, რომ კონკურსი ,,გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის განვითარებას, არამედ ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენასა და მათი წარმატების მნიშვნელოვნად განსაზღვრას. წლევანდელი წელი საბავშვო ლიტერატურის მიმართულებითაც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მიიღო ჩვენმა ორმა ავტორმა თამრი ფხაკაძემ წიგნისთვის ,,ბებე, მაწანწალების უფლისწული“ ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი“ და თუთა ჯგუშიამ წიგნისთვის ,,კარგად ყოფნის წესები“ ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური წიგნი“. ,,კარგად ყოფნის წესებმა“ ასევე მიიღო ,,გოგებაშვილის პრემია 2023“ წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნისთვის (ილუსტრატორი მარიამ პაპუაშვილი).
ეს რაც შეეხება მიღწევებსა და წარმატებებს. ახლა იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც გვიამბეთ, რომლებიც გამომცემლობამ წლის განმავლობაში დაგეგმა და განახორციელა...
წელს გამოვეცით 80-ზე მეტი ახალი უცხოური თარგმანი, 50-ზე მეტი ახალი ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი მწერალი, 4 ახალი თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გამომცემლობისთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი განვითარება, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ სიახლეები და თავადაც ვეძიოთ მკითხველთან მისასვლელი ახალ-ახალი გზები. ამ გზათა შორის, ვფიქრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართველი მკითხველისთვის უცხოელი ავტორების უკეთ გაცნობაა, ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ მკითხველის რჩეული ავტორების ჩამოყვანას და ვუზრუნველვყოფთ მკითხველის მათთან შეხვედრას. 2023 წელს ფორმატი ცოტა შევცვალეთ და შეიძლება ითქვას, თავად ვესტუმრეთ საყვარელი ავტორის სამშობლოს. მოკლედ, ქართველი თანამედროვე ავტორებსა და მკითხველთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად დავგვეგმეთ და განვახორციელეთ ტურნე ჩვენი ავტორის, ელიფ შაფაქის სამშობლოში. შაფაქის ყველაზე პოპულარულ წიგნში ,,სიყვარულის 40 წესი“ გვხვდება პოეტისა და სწავლულის ჯალალ ად-დინ რუმის ხაზი, ამიტომ გადავწყვიტეთ რუმის საფლავი მოგვენახულებინა კონიაში და რადგანაც რუმისთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა გურჯი-ხათუნს, გიდად ავარჩიეთ მწერალი დათო ტურაშვილი. მოგეხსენებათ, დათო ტურაშვილი ავტორია წიგნისა ,,გურჯი-ხათუნი“. შეიქმნა სრული სინერგია, 40 ადამიანი წამოვიდა ლიტერატურულ ტურში და ერთი კვირის განმავლობაში შემეცნებითი და ლიტერატურული საუბრებით სავსე დღეები გვქონდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკურია გკითხოთ, როგორ ხვდება „გამომცემლობა პალიტრა L“ 2024 წელს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. სიახლეებით, საინტერესო პროექტებითა და დიდი მიზნებით ვხვდებით 2024 წელს. ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, რომ აქტიურად დავიწყეთ ახალ სერიაზე მუშაობა. ეს გახლავთ „15 წიგნი 15 წლის შემდეგ“. მოგეხსენებათ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „გამომცემლობა პალიტრა L-მა“ გრანდიოზული პროექტის ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ განხორციელება დაიწყო. მაშინ მკითხველთა შორის გაიმართა მასშტაბური გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვითაც შეირჩა სწორედ ის წიგნები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა. ეს გახლდათ ბრიტანული პროექტის ანალოგი, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს შემთხვევაში გამოკითხვა გამოცემებად რეალიზდა. ბრიტანეთში ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ტარდება გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დგება სასურველი წიგნების რეიტინგი და სიები. და ახლა ჩვენც ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამოცემიდან 15 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორი ლიტერატურის, რომელი ავტორების გაცნობა და წაკითხვა სურს თანამედროვე მკითხველს, და ამჯერადაც მათი სურვილი ხელშესახებ რეალობად - წიგნებად გვექცია. სიმბოლურია, რომ 15 წლის შემდეგ ამ ახალ სერიაში გაერთიანებული იქნება მკითხველის რჩეული 15 ავტორის 15 რჩეული ნაწარმოები. ასე რომ, სულ მალე ახალი პროექტის ,,კიდევ, 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითო, სანამ ცოცხალი ხარ“ წიგნების გამოცემა დაიწყება.
მკითხველის გამოკითხვა დავიწყეთ ზაფხულში და მასში მონაწილეობა 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. სერიის პირველი წიგნი 2024 წლის თებერვალში გამოვა და მკითხველი მის შეძენას გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად შეძლებს.
როგორი იყო მკითხველის დაინტერესება და აქტიურობა „პალიტრა L-ის“ პროექტებისადმი და როგორია მისი როლი ამ უკანასკნელთა დაგეგმვასა და განხორციელებაში?
გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოირჩევა ერთგული და აქტიური მკითხველით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მასთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს - სულ ცოტა, თვეში ერთხელ მაინც ვხვდებით ახალი წიგნის წარდგენის ფორმატში. წელს აქტიურად დავიწყეთ #BookTok წიგნების გამოცემა, ეს არის წიგნები, რომლებიც პოპულარულია TikTok პლატფორმაზე და ამ ტრენდს ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი ადევნებს თვალს. გამომცემლობაში მუდმივად ვცდილობთ ტრადიციულ, უკვე კარგად ნაცნობ გზებთან ერთად სიახლეები მოვსინჯოთ და აქაც მკითხველის განწყობები და მისი რეაქციები გვაძლევს სტიმულს და გვარწმუნებს არჩეული გზის მართებულობაში. კი, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მკითხველის სურვილებს და ამის მაგალითია ახალი სერია „15 წიგნი - 15 წლის შემდეგ“, რომელიც სრულად მკითხველის რჩეული ავტორებითა და ტექსტებით დაკომპლექტდება.
(R)