ქართული პრესის მიმოხილვა 11.01.2024

როგორ აღიქვამს დასავლეთი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - საუბარი დეოლიგარქიზაციაზე და შეფასებები

რუსებმა შესაძლოა კონტრშეტევა დაიწყონ - როგორ შეიცვალა ვითარება ფრონტზე და რა სცენარებია მოსალოდნელი

ზამთრის საბურავების ვალდებულებამ სპეციალისტებისა და მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია - “ზედაპირულად მიიღეს კანონი... კომპეტენციის ნაკლებობა იგრძნობა"

* * *

როგორ აღიქვამს დასავლეთი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - საუბარი დეოლიგარქიზაციაზე და შეფასებები

“როგორ აღიქვეს დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ჩათვლის თუ არა ევროკავშირი ამას დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე ივანიშვილის ყოფნა დეოლიგარქიზაციას არ უზრუნველყოფს. თუმცა, ამავდროულად, საბოლოოდ იგი შესაძლოა დასავლეთისათვის მისაღები ფიგურა აღმოჩნდეს, როგორც საქართველოში სტაბილურობისა და ურყევი ვეროპული კურსის შენარჩუნების გარანტი. ოპოზიცია კი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად არ განიხილავს. როგორც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის მესამედ პოლიტიკაში დაბრუნება კი ამას ვერ უზრუნველყოფს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ აღიქვამს დასავლეთი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - საუბარი დეოლიგარქიზაციაზე და შეფასებები.

“ბოკუჩავას აზრით, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდებაა. “ფაქტია, რომ დამარცხების აღქმასთან ერთად, ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი არის მისი სურვილი, დასავლეთის მხრიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ გზავნილების ფონზე, მისი გავლენების ფორმალიზებით და ლეგალიზებით, თავი აარიდოს სანქციებს. თუმცა, როგორც ეს განმარტა ძალიან გავლენიანმა ევროპარლამენტარმა და ამას ჩვენც ვამბობდით, რომ მისი თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნება ვერანაირად ვერ ააცილებს მას გარდაუვალ სანქციებს, რომელიც დასავლეთიდან ელოდება, თუ ხელს არ აიღებს ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაზე და უარს იტყვის, რომ არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი გზით გადააბაროს ხელისუფლება კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას”, - განაცხადა ბოკუჩავამ. ივანიშილის დაბრუნების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი ევროპარლამენტართა ის ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. ევროპარლამენტარი ანდრეუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნასთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია, რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობებს და ამიტომ ის უნდა შეჩერდეს სანქციით”, - თქვა კუბილიუსმა “ტვ ფორმულასთან”. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ივანიშვილის ამ ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას განიხილავს. მისი აზრით, ახლა მთავარია გაირკვეს, სურს თუ არა ივანიშვილს საქართველოს წინსვლის გაგრძელება ევროკავშირის მიმართულებით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან საინტერესოა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ. კითხვა მაქვს - საქართველოს რომ სტატუსი ვერ მიეღო, გააკეთებდა თუ არა ივანიშვილი? მიხარია, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, კითხვაა - სურს თუ არა ივანიშვილს ამ გზის შენარჩუნება, თუ ის წინ გამოვიდა, რათა შეცვალოს ეს მიმართულება? მას უწოდებენ არაფორმალურ მმართველს, მე ვეთანხმები ამ შეფასებას”, - თქვა გრეგოროვამ. `ჯიპას~ ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ საპატიო თავმჯდომარე კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობა არ არის და ქვეყანა უნდა იმართებოდეს იმ სახელმწიფო ორგანოებით, რომელსაც კონსტიტუცია ცნობს. შესაბამისად, ივანიშვილის მიერ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის მიღება ვერ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ასევე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დეოლიგარქიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად რა ჩაითვლება, თუმცა მიიჩნევს, რომ თავად დეოლიგარქიზაცია გარკვეული თვალსაზრისით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მის შემოსვლაზე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასეთ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს კონსტიტუციით და არა პარტიის წესდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. თუ ივანიშვილი დაიკავებს ოფიციალურ თანამდებობას სახელმწიფო იერარქიაში, მაშინ ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა კი სხვა თემაა. დასავლეთის ნაცვლად მე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ დეოლიგარქიზაცია გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო იმართებოდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტების მიერ და არა დავუშვათ სხვა ინსტრუმენტებით. რეალური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები უნდა იყოს ის ორგანოები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. პარტიის საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული არ არის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“დეოლიგარქიზაცია გულისხმობს იმას, რომ ის, ადამიანები ვინც დასავლეთის თვალთახედვით მიჩნეული არიან ოლიგარქებად, სრულიად ჩამოშორებული უნდა იყვნენ პოლიტიკას. მაგრამ აი, სწორედ ამაში არის ერთგვარი ინტრიგა. როდესაც დასავლეთი ტერმინ “დეოლიგარქიზაციას” იყენებს, ის რატომღაც არ ითვალისწინებს, რომ ამით ირღვევა გარკვეული ადამიანების უფლებები - იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გარკვეული ფინანსური რესურსი, ეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობა და ასეთი რამ საერთოდ რამდენად არის მიღებული დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკითხავია, როდესაც კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს აძლევს იმის უფლებას რომ იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ცოტა არ იყოს წინააღმდეგობრივი განსაზღვრებაა. მაგალითად, დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მილიარდერი იყო, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ამიტომაც ვფიქრობ, რომ რადგანაც ევროპელებს აქვთ, ასე ვთქვათ, გარკვეული სენტიმენტები ბიძინა ივანიშვილის მიმართ (ვგულისხმობ უარყოფით სენტიმენტებს და ასეთი აღქმის ფორმირება ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ხელშეწყობითაც მოხდა) სავარაუდოდ ისინი ამას არ მიიჩნევენ იმის ნიშნად, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია განხორციელდა... ევროკავშირის დამოკიდებულებას რაც შეეხება, აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუ კონკრეტულად ევროკავშირს საქართველოში რა უნდა დაინახოს. ევროკავშირს საქართველოში არ აწყობს დესტაბილიზაცია. თუ ივანიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც ევროკავშირს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში იქნება სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შენარჩუნდება და პირიქით განვითარდება, როგორც მან განაცხადა თავის გამოსვლაში როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი, შეიძლება ჩათვალონ, რომ აი, ამ შუალედურ ეტაპზე ივანიშვილი მათთვის არის მისაღები ფიგურა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის ურყევობა და უცვლელობა”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

რუსებმა შესაძლოა კონტრშეტევა დაიწყონ - როგორ შეიცვალა ვითარება ფრონტზე და რა სცენარებია მოსალოდნელი

“უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება რუსების სასარგებლოდ იცვლება და შესაძლოა ახლო მომავალში მათ მასშტაბური კონტრშეტევაც წამოიწყონ. ამის შესახებ “რეზონანსთან” სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებს უკვე ხარკოვის დაკავების ამბიციაც გაუჩნდათ. ამას გარდა, მათი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება. თავად უკრაინის გენშტაბის ცნობით, ამჟამად რუსული არმია 7 ადგილას ცდილობს უკრაინელთა პოზიციების გარღვევას. სხვადასხვა “ტელეგრამ” არხები კი წერენ, რომ უკრაინულ ნაწილებს საარტილერიო ჭურვებისა და სხვა ტიპის შეიარაღების დეფიციტი აქვთ. როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რუსები შეტევისთვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ემზადებიან. მათ დაიწყეს ჯარის გადახალისება და ფრონტის ხაზის შევსება. ასევე ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს შეიარაღება, რომელიც დასავლური იარაღის საპირწონეა. ამიტომ, თუკი დასავლეთიდან დახმარება კიდევ დაიგვიანებს, ელიან, რომ ფრონტზე, შესაძლოა, რუსების სასარგებლოდ მოხდეს გარდატეხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსებმა შესაძლოა კონტრშეტევა დაიწყონ - როგორ შეიცვალა ვითარება ფრონტზე და რა სცენარებია მოსალოდნელი.

“ოფიციალური კიევი კი პარტნიორებს, მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჰაერო თავდაცვის მეტ სისტემებს სთხოვს. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტების მოგერიება მხოლოდ “პეტრიოტით” არის შესაძლებელი, საჰაერო სივრცის მეტი კონტროლი კი - “ეფ-16” ტიპის მოიერიშეებით. ამ საბრძოლო თვითმფრინავების პირველ ნაწილს უკრაინა გაზაფხულზე მიიღებს. სანამ აშშ-ის კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს კიევისთვის დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა საჭირო იარაღი მიიღონ. მისი თქმით, ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც აშშ-მა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, უკრაინაში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსების კონტრშეტევა სწორედ ამაზეა გათვლილი - მათ დაინახეს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების და თანხის გამოყოფის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული და მიეცათ იმედი, რომ ეს ფრონტის ხაზზე დიდ გარდატეხას მოახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსებმა ამ ხნის განმავლობაში ძალიან კარგად გაიაზრეს რა სამხედრო ტაქტიკური შეცდომები ჰქონდათ დაშვებული და ამის ანალიზი დაიწყეს. მათ წინსვლას, სამწუხაროდ, დასავლეთიდან დახმარების დაგვიანებაც ხელს უწყობს. თუ არსებობდა იმედი, რომ დასავლეთის მიერ გადაცემული ტექნიკა ფრონტზე გარდატეხას მოახდენდა, ასე არ მოხდა, რადგან რუსეთმა მოახერხა და მათი საპირწონე იარაღის მოძიება ჩრდილო კორეიდან და ირანიდან შეძლო. ამიტომ ის ეფექტი, რაც დასავლეთიდან გადაცემულ იარაღეს უნდა ჰქონოდა, არ აქვს. ასევე დროში იწელება საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ვერტფრენების გადაცემა, რაც უკრაინას დამატებით პრობლემებს უქმნის. რუსები სწორედ ამას ელიან და მათი გათვლებიც ამას ემყარება. სამწუხაროდ ფრონტის ხაზზე სიტუაციის გართულებაა მოსალოდნელი და დასავლეთმა ეს უნდა გააანალიზოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე ტაქტიკური უპირატესობა რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა. მათ ფაქტობრივად მარიინკა დაიკავეს და ცდილობენ ავდეევკას დაკავებას - ე.წ. ტომრის შექმნა უნდათ, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მოქცევა სურთ. რუსები ახლა ცდილობენ უკრაინელები ოკუპირებული ქალაქ დონეცკიდან რაც შეიძლება შორს გაწიონ. უკრაინელები კი, თავის მხრივ, ცდილობენ დონეცკთან ფრონტის ხაზი გააფართოვონ, თუმცა რუსები ამის საშუალებას არ აძლევენ. მათ გაუჩნდათ უკვე ამბიცია, რომ ხარკოვი დაიკავონ. ასევე სურთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება. შესაბამისად, შეიძლება სამხრეთით გაფართოვება დაიწყონ. ეს იქნება რუსების კონტრშეტევა, რომელიც მოსალოდნელია. რა თქმა უნდა, რუსეთს ამის რესურსი აქვს. სამწუხაროდ, მათ ჯარი სირიელი და ერაყელი დაქირავებული მებრძოლებით შეავსეს. ასევე ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სერიოზული ტიპის ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტები გადასცა, რომელიც უკვე იყენებენ. ასევე იყენებენ კორეულ დრონებსაც. ვარაუდობენ. სტრატეგიული დრონების გადაცემასაც”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“რუსები დაქირავებულ მებრძოლებს ძალიან კარგად უხდიან, ამიტომ ფრონტის ხაზზე მათი კონტრშეტევის დაწყება სრულიად რეალური ხდება. ასევე რუსეთში უკვე 10 სამხედრო კომპანია მოქმედებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე დაქირავებული ჯარისკაცების როტაციით არის დაკავებული”, - ამტკიცებს მაისაია. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ვერც ერთხელ ვერ მოაქციეს ალყაში უკან დახეული და დეზორიენტირებული რუსული ნაწილები. მისივე თქმით, ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ, სამწუხაროდ, უკრაინის არმიის გენერალიტეტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაც გაფუჭდა. კაპანაძის აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟინის განცხადებები, რომ თვითმფრინავები არ ჰყავდათ და სამხედრო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, არაფერში ჯდება, რადგან კონტრშეტევის წინ შტაბი განსაზღვრავს რა შესაძლებლობები აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ ვიცი რუსებთან იყო თუ არა რაიმე სახის შეთანხმება, მაგრამ მე ამას უკრაინელებს დიდ შეცდომად ვუთვლი. დაუშვებელი იყო ამხელა კონტიგენტის ასე უპრობლემოდ გამოშვება, რომლის გადანაწილებაც ფრონტის სხვადასხვა მხარეს რუსებმა ძალიან ადვილად შეძლეს. ხერსონიდან ერთ ღამეში ხიდზე 25 ათასი კაცის გამოტარება არ ვიცი რას დავუკავშირო - შეცდომას, თუ შეთანხმებულ მოქმედებას. ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემაა. რუსების მხრიდან ბოლო დროს დიდი ძალების მოზიდვა მოხდა. ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ რუსებმა რაღაც სცადონ. თუმცა ზამთარში მაინც არ მგონია, უფრო გაზაფხულისთვის იქნება მოსალოდნელი. მე მაინც მგონია, რომ ომი გაჭიანურდება, რაც ნიშნავს, რომ არც ომი იქნება და არც მშვიდობა. ერთიც და მეორე მხარეც შეეცდებიან გადაახალისონ თავიანთი ჯარი და შეიარაღება და გაზაფხულისთვის უფრო აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყონ“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ვალერი ზალუჟინის განცხადებები, რომ თვითმფრინავები არ ჰყავდათ და სამხედრო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, არაფერში ჯდება, რადგან კონტრშეტევის წინ შტაბი განსაზღვრავს რა დროს რა ძალები სჭირდება და რა შესაძლებლობები აქვს. მაშინ გამოდის, რომ ან ზალუჟნის დაზვერვამ არ იმუშავა სათანადოდ, ან, არ ვიცი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭარბობდა. წარმატების გაგრძელება და გაძლიერება უნდა ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ხერსონის და ხარკოვის წარმატების შემდეგ, ამხელა პაუზა აღარ უნდა ჰქონოდათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნა შიდა პოლიტიკური პრობლემებითაც იყო განპირობებული. უკრაინას აქვს სამობილიზაციო და ეკონომიკური პრობლემები. ახლა მიმდინარეობს პოზიციური და ლოკალური ბრძოლები. უკრაინა უნდა მოემზადოს, რადგან ამ პოზიციურ დაპირისპირებაში თავად შევიდა. მობილური თავდაცვის დროს უფრო მეტი შედეგი ექნებოდათ, რაც ომის პირველ ფაზაში ჰქონდათ, როცა მათი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მუშაობა იყო და არა ტერიტორიის შენარჩუნება. მესმის, რომ თითო გოჯი მიწა მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს რას ვიღებთ? ამიტომ ბევრი რაღაცის გააზრება მოუწევთ უკრაინელებს და იმედი მაქვს ამას შეძლებენ”, - დაასკვნის კაპანაძე.

ზამთრის საბურავების ვალდებულებამ სპეციალისტებისა და მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია - “ზედაპირულად მიიღეს კანონი... კომპეტენციის ნაკლებობა იგრძნობა"

“ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან დაკავშირებული რეგულაცია დაწესდა ისე, რომ არც სექტორი, არც მძღოლები ამისთვის რეალურად მზად არ იყვნენ. მიუღებელია პირობები, რის დაკმაყოფილებაც მძღოლებს უწევთ, მათ შორის, საგზაო მონაკვეთებთან დაკავშირებითაც. როგორც აღმოჩნდა, საავტომობილო მნიშვნელობის გზების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და შესულია ბევრი ისეთი ზონა, სადაც, წესით, აკრძალვა არ უნდა მოქმედებდეს. რეგულაცია შემუშავდა ისე, რომ ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული. როგორც “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანი არ მონაწილეობდა კანონპროექტის შემუშავების პროცესში და მათი პოზიცია მთლიანად იგნორირებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზამთრის საბურავების ვალდებულებამ მძღოლებსა და სპეციალისტებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია / “ბევრი ისეთი მონაკვეთია, სადაც არ არის საჭირო ზამთრის საბურავები, რადგან, როცა ტემპერატურა 8 გრადუსს ზემოთაა, შეიძლება მან უკუეფექტი გამოიწვიოს”.

“ურუშაძე კორუფციული გარიგების ნიშნებზეც ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ მთავრობა პირდაპირ შეეკრა საბურავების იმპორტიორ მსხვილ კომპანიებს და მათი ინტერესების ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. “როცა პარლამენტი მუშაობს ისეთ კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებულია საგზაო უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიასთან და სხვა, კანონმდებლობის შემუშავებისას უნდა ჩაერთოს სპეციალისტები და ექსპერტები. საქართველოში ამ დარგის სპეციალისტი ძალიან ცოტაა. არც ერთი ამ კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდა, არც ერთი არ მიუწვევიათ და რჩევა არ უკითხავთ. ეს არის დანაშაული და თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს და მის ხელმძღვანელობას. ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ნაკარნახევია კერძო სექტორიდან, იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც არიან საქართველოში ძირითადი იმპორტიორები, სჭირდებათ საბურავების რეალიზაციის გაზრდა. საბოლოოდ ეს არის დიდი გარიგების შედეგი, როცა კერძო კომპანიებს ლობირებენ პარლამენტში და ასე გაუცნობიერებლად იწყებენ კანონპროექტის შემოღებას და აღსრულებას”, - განაცხადა ვასო ურუძაძემ და დასძინა, რომ რეგულაციებში არის ასევე რიგი დარღვევები და ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს დამოკიდებულება საგზაო უსაფრთხოების მიმართ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმდენად ბევრი დარღვევაა, რომ დადებითი ეფექტის ნაცვლად, ამას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგი. ზამთრის საბურავის გამოყენებამ მაშინ, როცა ტემპერატურა 8 გრადუსს ზემოთაა, შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს და შეამციროს სამუხრუჭე მანძილი. ამით კი მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება ვერ შეძლოს. ამიტომ საჭირო იყო ამ ყველაფერში ექსპერტების ჩართვა და შესაბამისი რჩევების და რეკომენდაციების გათვალსიწინებით კანონის მიღება. თუმცა მოტივი ამ შემთხვევაში არა სატრანსპორტო უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაა, არამედ კორუფციული ინტერესებით მიღებული შემოსავლები. ხარვეზია საგზაო მონაკვეთებთან დაკავშირებითაც, ბევრი ისეთი ადგილია, სადაც არ არის საჭირო ზამთრის საბურავების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა მძღოლებს ვალდებულება მაინც დააკისრეს. ყველაფერი ეს გამოწვეულია იმით, რომ ზედაპირულად მიიღეს კანონი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასო ურუშაძე.

“საბურავებთან დაკავშირებული რეგულაციების ფორმა მიუღებელია სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებისთვისაც. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მოუმზადებელად შემუშავდა კანონპროექტი. როგორც “გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ექსპერტებს. “ცვლილება, რომელიც გამოვიდა და მილიონზე მეტ მძღოლს შეეხო, არის მოუმზადებელი, მოუფიქრებელი. სამწუხაროდ, კომპეტენციის ნაკლებობა იგრძნობა. მხოლოდ ის ჩაწერო, რომ საბურავზე ფიფქი იყოს, არ არის საკმარისი. თვითონ იდეას, რომ ზამთარში ავტომობილებმა შესაბამისი საბურავებით უნდა იმოძრაონ არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ იმ ფორმით რა ფორმითაც ის გავრცელდა, არასწორია”- დაასკვნის დავით მესხიშვილი, რომლის თქმით, ეს “დაახლოებით სამოყვარულო დონეზე შექმნილი პროექტია”, - განაგრძობს გამოცემა.

“გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ზამთრის საბურავების გარკვეული დეფიციტი შეიმჩნევა. მგზავრების გადამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ზომები მიღებული აქვთ და ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებენ. თუმცა კერძო მძღოლებისა და ტაქსისტების ნაწილი დეფიციტზეც საუბრობს და სიძვირეზეც. ტაქსის მძღოლი ვანო გამყრელიძე ზამთრის საბურავის შეძენას ვერ ახერხებს, რის გამოც რეგიონების მიმართულებით ვეღარ გადაადგილდება. “ფასები იმდენად მაღალია, რომ რეალურად ვერ გავწვდი ამ ხარჯს. მსხვილ იმპორტიორებთან ისედაც ვერ ვყიდულობთ ავტონაწილებსა და საბურავებს, იმდენად სიძვირეა, ხოლო მცირე კომპანიებში საკმარისი მარაგი არ აქვთ. პირადი საჭიროების შემთხვევაშიც ვერ გავდივარ დედაქალაქის იქით, იმდენად ვრცელი არეალი მოიცვა რეგულაციამ, ფაქტობრივად, ვერსად ვმოძრაობ, დიდი დისკომფორტი შეგვექმნა”, - უთხრა “რეზონანსს” ვანო გამყრელიძემ. ცნობისთვის, ცვლილება ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა, რომლის თანახმადაც, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით”, - დასძენს გამოცემა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი