აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ხოლო მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი პრობლემური უბანი დაფარონ მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილისა და ვაშაძის წერილით, „გამარჯვების კოალიცია“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზებას.
„ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა გახსნისთვის საჭირო პირობებში მითითებულია არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა. ამ მხრივ, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მიუკერძოებელმა შეფასებამ ბევრი პრობლემა გამოავლინა. მთავრობა აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზებას, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობით. მის, როგორც ხელისუფლების მთავარი ოპონენტის ციხეში ყოფნა არსებითად ამრუდებს საარჩევნო ველს და აზიანებს დემოკრატიულ კონკურენტულ გარემოს.
აუცილებელია, გრძელვადიანი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ხოლო მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი პრობლემური უბანი დაფარონ მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილმა მადლობა გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირის წევრობის გზაზე ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან იღებს.
„2024 წლის არჩევნები შანსია ქართველი ხალხისთვის - თუკი მას არჩევანის თავისუფალ და სამართლიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ექნება - შეცვალოს ხელისუფლება პროდასავლური კოალიციური მთავრობით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა გახსნისთვის საჭირო დემოკრატიულ რეფორმებს განახორციელებს. ჩვენი გამარჯვების კოალიცია აპირებს, წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ევროპული დღის წესრიგით ჩაატაროს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ, რომ 27 ქვეყნის პარლამენტარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში, რომლებიც საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან. წერილის ადრესატები ასევე არიან ევროპარლამენტი, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.