წინასაახალწლო პერიოდში გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან პარტნიორობით, მემინგემისა და პრაღის ავიარეისების მგზავრებს, ეკიპაჟის წევრებსა და აეროპორტის თანამშრომლებს საჩუქრად წიგნები და სანიშნეები გადასცა.
გამომცემლობამ ლიტერატურა ადრესატთა ასაკისა და სასაუბრო ენის შესაბამისად შეარჩია. მათ ასევე სიმბოლურად გადაეცათ სანიშნეები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამოსახულებით, რამაც განსაკუთრებით უცხოელი მგზავრებისთვის მას ერთგვარი სუვენირის დატვირთვაც შესძინა.
წიგნების გადაცემის პროცესმა წინასაახალწლო პერიოდში სადღესასწაულო განწყობა შექმნა და მგზავრები გაახალისა. მოგვიანებით „პალიტრა L-ის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და აეროპორტის თანამშრომლების ბედნიერი სახეები. ისინი ხომ მოგზაურობის საუკეთესო კომპანიონით - წიგნით დასაჩუქრდნენ.
ვიდეო კლიპში „პალიტრა L-ი“ ამ ემოციური დღის შესახებ გვიამბობს და განგვიმარტავს, რატომ არის წიგნი მგზავრის ერთგული კომპანიონი:
„ყოველი გამგზავრება, თვითმფრინავის ტრაპზე ყოველი შედგომა დაკავშირებულია სიახლესთან, ახალი თავგადასავლისა და განუმეორებელი მოგონების სურვილთან. აეროპორტის მოსაცდელში მყოფი თითოეული მგზავრის მოლოდინი, მიზანი და ემოცია განსხვავებულია, ვინ იცის, ვის სანახავად მიდიან, ვის უნდა შეხვდნენ, იქნებ დიდი ხნის უნახავ მშობელს, მეგობარს, დას, ძმას, შეყვარებულს... ზოგი სამოგზაუროდ მიდის, ახალი აღმოჩენებისთვის, მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, რაც არ უნდა იყოს გამგზავრების მიზეზი, ის ყოველთვის ემოციურია, ახალი კარის გახსნას ჰგავს, ახალი თავგადასავლის წინათგრძნობას, ზუსტად ისე, როგორც ეს ყოველი ახალი წიგნის გადაფურცვლისას ხდება, ამიტომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია“.
„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე პროექტის მიზნების შესახებ გვიამბობს და კამპანიის მნიშვნელობას აფასებს:
„მუდმივად ვიმეორებთ იმ აზრს, რომ წიგნი სხვადასხვა სამყაროში გვამოგზაურებს. ,,წიგნი საუკეთესო საჩუქარია“. ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა რეალური კავშირი წიგნსა და მოგზაურობას შორის. ემოციები, რომლებიც ახლავს ახალი წიგნის გადაფურცვლას, ძალიან ჰგავს მოგზაურობის ემოციას.
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური აქცია იყო. მგზავრების ემოციამ, წიგნის მიმართ დამოკიდებულებამ და უკუკავშირმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ აეროპორტზე. ამ კამპანიით შევეცადეთ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ წიგნით მგზავრობისას თუ მოსაცდელში, დროის გაყვანა ნაყოფიერად და საინტერესოდ არის შესაძლებელი“, - განმარტა მარიამ გიორგაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ ,,გამომცემლობა პალიტრა L-თან“ ერთად ჩატარებული კამპანიით მგზავრებისთვის შობა-ახალი წლის წინა მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა:
„რა შეიძლება იყოს საუკეთესო საჩუქარი ქუთაისიდან, იუნესკო-ს ლიტერატურული ქალაქიდან, რა თქმა უნდა, წიგნი! სწორედ ეს განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს ახალი წლის დღეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებმა. 2023 წლის ბოლოს ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით. ქუთაისი არის დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქი, სადაც დასაბამი მიეცა მეოცე საუკუნის თანამედროვე ლიტერატურას, პოეზიას. ამიტომ, სიმბოლურია, რომ სწორედ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იყო პირველი, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდა“, - აღნიშნა მან.
ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, კამპანიის მეშვეობით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-სოციალურ და შემეცნებით განვითარებაშია ჩართული.
პარტნიორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ თანამშრომლობას ერთჯერადი სახე არ ექნება და სამომავლოდ აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს ლიტერატურულ სიურპრიზებს კვლავაც შესთავაზებენ.
(R)