თენგიზ ცერცვაძე - არ არის სწორი, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“ - ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. არის თუ არა ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი დატვირთული და რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სექტორი რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის საერთო სისუსტეს, მაღალ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს. პარალელურად, პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში?

- ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“, „მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო. გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო.

ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება.

საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს.

- თქვენ აღნიშნეთ სტაციონარების დატვირთვა. უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, რა ვითარება გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში?

- გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს.

ზოგადად სამედიცინო სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას. ზოგი ჭირი მარგებელია, COVID-19-მა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას, ამავე დროს ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, კერძოდ: კლინიკების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები გადამზადდა, წამყვანი სპეციალისტები განუწყვეტლივ ატარებდნენ ტრენინგებს, გაძლიერდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეიქმნა „გაიდლაინები“, დაინერგა მართვის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები, შემოდიოდა ახალი მედიკამენტები, აეწყო COVID-19-ის მართვის სისტემა. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა COVID-19-ის გამოწვევებს და რომელმაც 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით მართვად რესპირაციულ ინფექციად გადააქცია მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ ამას მხოლოდ 2023 წლის მაისში მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა არ აღემატება ან მხოლოდ მცირედით აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობას. COVID-19 აღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

- ზოგადად, როგორია რესპირაციული ინფექციების გავრცელების სტატისტიკა?

- რესპირაციული ინფექციების დაახლოებით ნახევარი - 50% გრიპზე მოდის. ამასთან, პრაქტიკულად, ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაფიქსირებულია A ტიპი. B ტიპის გრიპი, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება. A ტიპის გრიპიდან ყველაზე მეტი - 37% მოდის H1N1 სუბტიპზე, რომელიც 2009-2010 წლებში, ე.წ. „ღორის გრიპის“ პანდემიის სახელით იყო ცნობილი. სიტყვა „ღორის გრიპი“ საზოგადოებამ აიტაცა, თორემ სინამდვილეში ის არ იყო „ღორის გრიპი“. ის იყო 4 სხვადასხვა გრიპის ვირუსის გენეტიკური მასალის შერწყმით მიღებული შტამი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო „ღორის გრიპი“ დაერქვა. ამასთან ეს ვირუსი მხოლოდ 2009-2010 წლებში იყო პანდემიური, ხოლო შემდეგ ის გადაიქცა ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად და სწორედ ეს ვირუსი ცირკულირებს ამჟამად საქართველოში. ამიტომ არ არის გამართლებული მისი მოხსენიება პანდემიურ „ღორის გრიპად“ და ამით მოსახლეობაში პანიკის შექმნის ხელშეწყობა. 6% მოდის A ტიპის გრიპის H3N2 ქვეტიპზე, ხოლო 8%-ში სუბტიპი არ არის იდენტიფიცირებული.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, გრიპის შემდეგ მეორე ადგილზეა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი -17%, რომელიც აავადებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებში, რომლებშიც ის იწვევს ბრონქიოლიტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ აღნიშნული ინფექციით გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონია.

რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემდეგ მოდის ადენოვირუსი - 9%, რინოვირუსი - 8%, პარაგრიპის ინფექცია - 6%, ბოკავირუსები - 3% და არა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსები - 3%.

ასევე მინდა ვისაუბრო გრიპის კლინიკურ მიმდინარეობაზეც. როგორც წესი, გრიპი მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ვიდრე სხვა რესპირაციული ვირუსები, გარდა COVID-19-სა. გრიპი უეცრად იწყება, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, სახსრების და კუნთების, თავის ტკივილით. როგორც წესი, გამოხატულია საერთო სისუსტე, მშრალი ხველა. იშვიათია სურდო და სხვა კატარული მოვლენები. ეს უკანასკნელი უფრო ახასიათებს სხვა რესპირაციულ ინფექციებს, რომლებსაც ხშირად ე.წ. გაციებით დაავადებების კრებითი სახელით მოვიხსენიებთ. თუ გრიპი უეცრად იწყება, ისინი თანდათან იწყებიან, ცხელება ზომიერად, ან ნაკლებად არის გამოხატული. ასევე, ნაკლებად გამოხატულია საერთო სისუსტე და ინტოქსიკაცია.

არსებობს სწრაფი/მარტივი ტესტები, რომლებიც ადგენს, აქვს თუ არა ავადმყოფს COVID-19 ან გრიპი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ვისაც აღმოაჩნდება რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, პირველ რიგში ჩაიტაროს ტესტირება COVID-19-ზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რომელიც განახორციელებს მართვას სპეციალური პროტოკოლით ბინაზე, ან მძიმე შემთხვევაში მისცემს ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას. თუ ტესტირებით COVID-19 არ დადასტურდა, შემდეგ უნდა ვიფიქროთ გრიპის, ან სხვა ვირუსებით გამოწვეულ რესპირაციულ ინფექციაზე. სპეციფიკური მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით აქვს მხოლოდ COVID-19-ს და გრიპს, დანარჩენ რესპირაციული ინფექციების დროს ძირითადად შემოიფარგლებიან ე.წ. ხელშემწყობი მკურნალობით. მართალია, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი და მონოკლონური ანტისხეულები (პალივიზუმაბი და ნირსევიმაბი), მაგრამ მათი ეფექტიანობა ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამიტომ ამერიკის FDA ამ მედიკამენტების გამოყენებას რეკომენდაციას უწევს მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და არ უწევს რეკომენდაციას მათ რუტინულ ხმარებას.

თუ რესპირაციული ინფექციების მსუბუქი შემთხვევა გვაქვს, არ არის COVID-19 და გრიპი, სამედიცინო პერსონალისთვის მიმართვა საჭირო არ არის, რათა არ გადავტვირთოთ ექიმები, სახლში დარჩენა საკმარისია. 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალება, რეკომენდებულია ბალანსირებული კვება და სითხეების მიღება.

თუ შემთხვევა არ არის მსუბუქი და/ან პაციენტი დამძიმების რისკის ჯგუფს მიკუთვნება, ის ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს, რომელიც უმკურნალებს მას ბინაზე, ან გადაამისამართებს კლინიკაში.

- ცნობილია, რომ გრიპის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატიტამიფლუ“. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულ მედიკამენტზე.

- „ტამიფლუ“ ეფექტური მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში. ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი!

„ტამიფლუ“ უნდა მიიღონ დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა, „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს.

„ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე.

გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა. ის არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია. გრიპის ვაქცინა 40-60%-ით იცავს გრიპისგან. გარდა ამისა, ვაქცინირებულებში გრიპი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რეკომენდებულია ასევე ხელების ხშირი დაბანა. სასურველია გრიპით დაავადებულმა ატაროს პირბადე. პირბადეების მასიური ტარება, როგორც ეს COVID-19-ის პანდემიის დროს იყო, რეკომენდებული არ არის.

- ზოგადად, რა შეგიძლიათ გვითხრათ კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1 და HV.1 -ზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება. ასევე საინტერესოა, როდის იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის ვაქცინა, რომელიც მათ კორონავირუსის ახალი შტამებისგან დაიცავს?

- რაც შეეხება JN.1 ვარიანტს. ეს არის „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვევარიანტი. „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, მისი არაერთი ვარიანტი გავრცელდა. თითოეული ეს ქვევარიანტი იწვევდა კითხვებს, ყველას აინტერესებდა მათი გავრცელება და სიმძიმე. JN.1 ვარიანტი რაიმე განსაკუთრებული თვისებების მატარებელი არ არის. ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ „ომიკრონის“ ყოველი ახალი ქვევარიანტი გამოირჩევა წინამორბედთან შედარებით უფრო მეტი გადამდებობით და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელებით. საბედნიეროდ, ომიკრონის“ შტამის არცერთ ვარიანტს, მათ შორის JN.1-ს არ ახასიათებს დაავადების მეტი სიმძიმე. სიმპტომები მსგავსია. ეს არის თანდათანობითი დაწყება, კატარული მოვლენები: ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, ხველა. კორონავირუსი, სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, აზიანებს არამხოლოდ სასუნთქ, არამედ სხვა ორგანოთა სისტემებს, სისხლის შემდედებელ სისტემასაც კი. გახსოვთ, რომ ხშირი იყო თრომბოემბოლიური გართულებები, გულის გაჩერების შემთხვევებიც იყო, პნევმონია უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების დროს. შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, ყნოსვის და გემოს გაქრობა. JN.1 -ს არ ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან.

დიახ, COVID-19 სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში არის, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ მისი სიხშირე ნაკლებია. ასევე არის გარდაცვალების ერთეული შემთხვევებიც, თუმცა ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასე მაგალითად, მხოლოდ ა.წ. 4-11 იანვრის კვირაში აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების 636 შემთხვევა, გერმანიაში - 536 შემთხვევა, დიდ ბრიტანეთში - 212 შემთხვევა და ა.შ. ჩვენთან აღნიშნულ კვირაში არავინ გარდაცვლილა. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის განცხადებით, მთელს მსოფლიოში მომატებულია, როგორც რესპირაციული ინფექციების, ისე COVID-19-ის შემთხვევები. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევების მატება შედარებით ნაკლებია. ჯანმო ამბობს, რომ არსებული ვითარება პანდემიისგან შორს არის, მაგრამ საყურადღებოა.

- აქვე გკითხავთ COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზეც, რომელიც პანდემიის დროს აქტიურად გამოიყენებოდა, კერძოდ, „პაქსლოვიდსადარემდესივირზე“. კვლავ ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის?

- იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და „პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო. სწორედ COVID-19-ს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით რესპირაციულ ინფექციად. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.

პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ.

მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას.

- ინტერვიუს ბოლოს, მინდა ვისაუბროთ აივ/შიდსზეც. როგორც ცნობილია, საქართველოში გასულ წელს აივ/შიდსით ინფიცირების 617 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რამდენი აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული? როგორია სტატისტიკა?

- ზოგადად, ყოველ წელს ფიქსირდება 500-დან 600-მდე, ან ცოტა მეტი ახლად გამოვლენილი შემთხვევა. 2022 წლის ბოლოს გვქონდა 617 შემთხვევა, ხოლო 2023 წლის დეკემბრის ბოლოს იყო 613 შემთხვევა. ზოგადად, აივ/შიდსის მხრივ, ითვლება რომ ვითარება სტაბილურია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდსთან ბრძოლის საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს.

საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი. მათგან 83% გამოვლენილია, ხოლო 17% - არა. გამოვლენილებიდან 86% ჩართულია მკურნალობის პროცესში, მუდმივად იღებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს. მკურნალობაზე მყოფი პირების 92%-ში კი მიღწეულია სისხლში ვირუსის კონცენტრაციის სუპრესია (განულება). აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ დღეს სწორი მკურნალობით უკვე შესაძლებელია ვირუსის კონცენტრაცია სისხლში გავანულოთ და შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ ავადმყოფები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, ისინი სრულად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში ცხოვრების კარგი ხარისხით, სწავლობენ, მუშაობენ, ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, ორგანიზმში მოხვედრისას მისი გენეტიკური მასალა ჩაშენდება ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაში, ადამიანი ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის მტარებელი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, მის სისხლში ვირუსი აღარ ცირკულირებს, მისი კონცენტრაცია განულებულია. მაგრამ ასეთმა პაციენტმა მთელი სიცოცხლე უწყვეტად უნდა იმკურნალოს. როგორც კი შეწყვეტს მკურნალობას, ვირუსის ის გენეტიკური მასალა, რომელიც მის უჯრედებშია, ახალი ვირუსების პროდუქციას იწყებს და სისხლში ისევ გაჩნდება ვირუსი. ამდენად ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არ არის აივ/შიდსისგან განკურნება, დღეს ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია, ჩვენი ამოცანაა სისხლში ვირუსის კონცენტრაცია ნული იყოს და პაციენტმა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. დღეს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი ყველაზე კარგად მოვლილი დაავადებაა. სადმე გსმენიათ, რომ აივ ინფიცირებულებს რაიმე პრობლემები ჰქონდეთ ან სხვას შეუქმნან პრობლემები? არა! და ეს ჩვენი დიდი მიღწევაა. 2025 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი გვაქვს შიდსის ეპიდემიის დაძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექციის ახალი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ამჟამად მობილიზებულია შიდსის განმკურნებელი მედიკამენტების შექმნაზე და იმედი გვაქვს, რომ არც თუ შორეულ მომავალში ასეთი მედიკამენტები შეიქმნება და აივ/შიდსისგან სრული განკურნება შესაძლებელი იქნება.

ჩვენ 2017 წელს პირველებმა აღმოსავლეთ ევროპაში დავიწყეთ აივ ინფექციის ე.წ. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PREP). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრევენციული ზომა. ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია. იცით, რომ მათთან კომუნიკაცია ადრე ძალიან გაძნელებული იყო. თუმცა, ცივილიზებული სახელმწიფო ვართ, იქით მივდივართ, რომ ყველა იყოს თანასწორუფლებიანი და სრულფასოვნად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მივაღწიეთ იმას, რომ აივ/შიდსი აღარ იწვევს სტიგმას და დისკრიმინაციას. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკით (PREP) კი ამ ეტაპზე 1600-მდე ადამიანი სარგებლობს.

პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PREP) პროგრამით ხდება აივ ინფექციის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უკეთდებათ აივ ინფექციაზე ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ინფიცირებულები ჯერ არ არიან. თუ დადასტურდება, რომ ის ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტები უფასოდ ეძლევა. დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. შედეგად პროგრამაში მონაწილეები არ ინფიცირდებიან სქესობრივი ან სხვა კონტაქტების დროს, მაშინაც კი თუ მათ პარტნიორი აივ ინფიცირებულია. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის გაფართოებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება, ან ჩაერთონ ამ პროგრამაში. ის უფასოდ მიიღებს მედიკამენტს, რომელიც დაიცავს ინფიცირებისგან, მაშინაც კი, თუ სქესობრივი პარტნიორი შიდსით იქნება ინფიცირებული. ჩვენ ამ პროგრამაში 200-მდე მიგრანტიც გვყავს ჩართული.

თეონა ციხიშვილი

ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს