პროკურორის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.

როგორც საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე განმარტავს, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული.

„ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის, უარი თქვა, დასაკითხ პირთა სიაში მითითებული პირების დაკითხვაზე. ბრალდებულის პოზიციაცაა, რომ სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს. მოგეხსენებათ, ბრალდებული და მისი ადვოკატები, გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს საეჭვოდ ხდიდნენ და მათ შორის, ეს კითხვები გამომძიებლებთან ჰქონდათ. ასევე, გარკვეულ მოწმეებთან დაკავშირებით უთითებდნენ, რომ ეს მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ თქვა, რომ აღნიშნულ მოწმეებს არ დაკითხავდა.

რაც შეეხება ჩვენების მიცემაზე უარს, ლაზარე გრიგორიადისის უფლებაა, ჩვენებას მისცემს თუ არა. თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები, მისი მონაწილეობით არის ჩატარებული, რასაც ეჭვქვეშ აყენებს, ლოგიკურია, მასთან არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია.

სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოები გამოვიკვლიეთ. ბრალდების მხარის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის სრულად საკმარისია. მტკიცებულებებს უფრო ვრცლად დასკვნით სიტყვაში გავშლით და ვისაუბრებთ. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, არის პოლიციელთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, მოგეხსენებათ, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა იქნა ჩატარებული და ექსპერტიზამ დაადგინა ვიდეოჩანაწერებში ლაზარე გრიგორიადისის ყოფნის ფაქტი.

მტკიცებულებების შეფასებით, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა და გამოვიკვლიეთ, გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა