წერეთლის გამზირის მიმდებარედ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “კორუფციით ატალახებული თბილისი”, “კალაძის კორუფციით ატალახებული თბილისი”.
აქციის მონაწილეების თქმით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა. კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი აატალახა. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ვინაიდან კახა კალაძე არის თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. კალაძე ხელშეკრულებებს გასცემს იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ფაქტობრივად, თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება „რუსული პარტია“ და ამას ნამდვილად გამოძიება სჭირდება. ჩვენ ახლა ვაპირებთ კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება თბილისის მერიაში წავიღოთ. აი, ეს ტალახი კახა კალაძეს უნდა მივუტანოთ, რათა მან ცხვირწინ დაიდოს და კარგად შეხედოს საკუთარ დანაშაულს. მათ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და უნდა წავიდნენ”, - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან და შპს "ერ ტე დე"-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.