„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქმეთა გაჭიანურების საკითხი დაიძლიოს, მოგვარდეს და მოქალაქეებმა მართლმსაჯულება დროულად მიიღონ.
მისი განმარტებით, სასამართლოებში საქმეების გაჭიანურება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს, ასევე აღიარებს სასამართლო სისტემაც. თუმცა, ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლოში, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქმეთა გაჭიანურების სისტემა მოგვარდეს.
„დღეისთვის ეს პრობლემა წარმოშობილია, სულ მცირე, მოსამართლეთა მცირე რაოდენობით. ამჟამად სისტემაში დაახლოებით 100 ვაკანსიაა და სასამართლო, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ვაკანსიები შეივსოს. მეორე საკითხი არის დროის მენეჯმენტი, ამ კუთხითაც არაფერი კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილია მენეჯმენტის დეპარტამენტი, ამ დეპარტამენტში მომუშავე ჯგუფი კანონით დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებს. ჩვენ არ გვახსენდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომები, სადაც განხილული იქნებოდა გაჭიანურების თემატიკა,როგორც პრობლემა. ამასთან დაკავშირებით კიდევ უნდა ითქვას ის, რომ ნაკადის მართვასთან დაკავშირებით თავმჯდომარეები სასამართლოებში თავის პასუხისმგებლობას არ ასრულებენ. ისინი ვალდებულნი არიან, რომ ნაკადის მართვის შესახებ არსებულ გამოწვევებსა და მდგომარეობებზე იუსტიციის საბჭოს ანგარიშები წარუდგინონ, თუმცა როგორც შევამოწმეთ, ამ კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქმეთა გაჭიანურების საკითხი დაიძლიოს, მოგვარდეს და მოქალაქეებმა მართლმსაჯულება დროულად მიიღონ. განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. ასევე მთავარი ნიუანსია მოსამართლეების მოწყვლადობა. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ყველა მოსამართლე საქართველოში, რომელიც იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს არის მოწყვლადი, იმიტომ, რომ მათ აქვთ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება და ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებითაც კი დასრულდეს, მათ შორის მოსამართლის გათავისუფლებითაც კი, თუ ამას მოისურვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამდენად, ეს ქმნის ძალიან დიდ ბარიერებს მოქალაქეებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის დიდ რისკებს, რომ შესაძლოა მათ მოუწიოთ ძალიან სერიოზული სანქცირება დისციპლინური წესით, რადგანაც არის საპროცესო ვადების დარღვევა და ეს გამოწვეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების უმოქმედობით”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.