ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს დელეგაციის წევრები შანხაის ახალ, ლინ-განგის რაიონში მდებარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს ჭაო იხუაის და შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

„დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ქალაქ შანხაის ხელმძღვანელობასთან. პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს, ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს.

დელეგაცია იმყოფებოდა შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში, სადაც შანხაის განვითარების ეკონომიკურ გეგმას გაეცნო.

მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად