არ დაიჯეროთ, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება შეუძლია, გამორიცხულია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, 60 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მაშინაც კი არ აუღია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში „მესიად“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადამრჩენელად შემოვიდა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოტივაციაზეც და განაცხადა, რომ „ივანიშვილს ეშინია სანქციების“ და მისი განცხადებებიც გზავნილია დასავლეთისთვის.
„ივანიშვილს აქვს იმედი, რომ დალაგდება დასავლეთთან მას შემდეგ, რაც საჯაროდ გამოვიდა. თუმცა სად გამოვიდა? - გამოვიდა საჯაროდ და ისევ შევიდა, თორემ პოლიტიკიდან არც წასულა და არც მოსულა, იყო და დარჩება. ივანიშვილს რისი კატასტროფული შიშიც აქვს, ეს არის სანქციები. თუ ვინმე დაკავშირებულია სანქციების ჯგუფთან, მაგალითად, ახლა ამოარჩიეს და იპოვეს მაკფოლი, რომელიც არის სანქციების ჯგუფის უფროსი, ერმაკთან ერთად უკრაინის კონტექსტში. იცის, რომ რაღაცას აშავებს და ამ სანქციების შიში აქვს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი საჯაროდ გამოსვლა, მერე საუბარი, „მე ისედაც დასანქციერებული ვარ, რაღა საჭიროა ჩემი დასანქცირება“ - ეს ყველაფერი არის გზავნილი აშშ-ს მიმართ, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ ფაქტია, ივანიშვილს ეშინია ჩვენი. იგი ანგარიშს უწევს, ეშინია. ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა USAID-ის და მაკფოლის წინააღმდეგ და რაღაც პლატფორმას ქმნის.
მაგრამ, მე იმის თქმა მინდა, რომ არაფერი სიახლე აქ არ არის, რასაც არ აკეთებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არ დაიჯეროთ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია 60%-ის აღება, ვერ გააყალბებს 15-20%-ს, გამორიცხულია. „ქართულ ოცნებას“ 60% არ აუღია მაშინ, როდესაც ივანიშვილი თეთრ ცხენზე [ამხედრებული] შემოვიდა როგორც მესია და გადამრჩენელი „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს ყველაფერი არის პროპაგანდა და არ მგონია, რომ ამ პროპაგანდამ ადამიანებში ფეხი მოიკიდოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნებისგან“ სრული კონტრასტი აჩვენოს.
„პირველ რიგში ხალხს უნდა დაუბრუნდეს რწმენა. საპარლამენტო არჩევნების მთავარი პრობლემაა, რომ ხალხის ტალღას, რომელიც უნდა აგორდეს, წინ უდგას მოქალაქეების ფრუსტრაცია და ნიჰილიზმი, რომ რაღაცები შეიძლება არ შეიცვალოს. საჭიროა, რომ სრული კონტრასტი იყოს „ქართული ოცნებისგან“. როგორიც არის „ქართული ოცნება“ ისეთი არ უნდა იყო შენ, არცერთი პარამეტრით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.