სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორს, ნათია ფიფიას ესაუბრა.
- ქალბატონო ნათია, რამდენიმე დღის წინ პრემიერის მრჩეველმა გია მურღულიამ განათლების სისტემის საკითხებზე საჯარო სივრცეში იმსჯელა და რამდენიმე ინიციატივაზე საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც გამოთქვა.
მისმა მოსაზრებებმა საგნობრივ სტანდარტებზე და ასევე იმაზე, რომ სავარაუდოდ, 2027 წლისთვის საგანმანათლებლო სისტემა მზად იქნება გადავიდეს სკოლის მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების ახალ წესზე, პედაგოგიურ წრეებში და პოლიტიკურ წრეებში აქტიური განხილვის თემა აღმოჩნდა.
ყველა თანხმდება, რომ საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემებია, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ამ სფეროში დასაქმებულთა უმეტესობას პრობლემურ საკითხებზე თავისი არა მარტო კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, არამედ, მათი გადაჭრის განსხვავებულ მიდგომასაც გვთავაზობს.
როგორც ინტერვიუს ჩაწერის დაწყებამდე საუბარში გავარკვიე, თქვენ ბატონ გია მურღულიას მოსაზრებებს ძირითადად იზიარებთ, მაგრამ, გაგიჩნდათ სურვილი იმ აქტუალურ საკითხებზე, რაზეც ბატონმა მურღულიამ ისაუბრა, გამოგეთქვათ თქვენი აზრი.
რადგან ახალ საგნობრივ სტანდარტების თემა ასე აქტუალურია, მოდით, ამ თემით დავიწყოთ. სავარაუდოდ, რამ გააჩინა ახალ საგნობრივ სტანდარტებზე გადასვლის აუცილებლობა?
- პირველ რიგში, ახალ სტანდარტებზე გადასვლის აუცილებლობა გამოწვეულია მოსწავლის მიერ შესასწავლი მასალის და სკოლაში კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების რაოდენობის შეუსაბამობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასწავლებელს არ ჰყოფნის დრო სასწავლი მასალის მოსწავლისთვის სრულყოფილად შესასწავლად.
ასეთ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე გამოსავალი: 1) შემცირდეს სასწავლი მასალის რაოდენობა და დარჩეს საათების იგივე რაოდენობა, 2) დარჩეს სასწავლი მასალის რაოდენობა და გაიზარდოს საათების რაოდენობა. ამ ეტაპზე სამინისტრო ირჩევს პირველს, რაც თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ მასალის რაოდენობა შემცირდება, მაგრამ მოლოდინი ასეთია, რომ სწავლების ხარისხი გაიზრდება.
აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება - საშინაო დავალების წილი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სკოლაში. მიჩნეულია, რომ დღესდღეობით ე.წ. კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაზე და ასევე, სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლებაზე უნდა გადავიდეთ და არა, ტრადიციული გაგებით, დავალების მიცემასა და გამოკითხვაზე.
ახალ სტანდარტებზე გადასვლის აუცილებლობა გამოწვეულია მოსწავლის მიერ შესასწავლი მასალის და სკოლაში კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების რაოდენობის შეუსაბამობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასწავლებელს არ ჰყოფნის დრო სასწავლი მასალის მოსწავლისთვის სრულყოფილად შესასწავლად
უკანასკნელ წლებში ახალი, დამატებით გამოწვევა გაჩნდა - ინტერნეტში პრაქტიკულად ყველაფერზე შეიძლება ინფორმაციის მოძიება და შესაბამისად, მაგ. წერითი დავალების მიცემისას მოსწავლეს შეუძლია თემა უბრალოდ გადმოიწეროს ინტერნეტიდან. ამის აღკვეთის ერთადერთი გზა გაკვეთილზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება, რათა მასწავლებელმა მაქსიმალურად გააკონტროლოს, რომ მოსწავლე ნამდვილად იძენს შესაბამის უნარებს.
თავის მხრივ, ეს დაკავშირებულია საგაკვეთილო დროსთან - თუ პრაქტიკული მეცადინეობები და სავალდებულო წერითი დავალებები მოსწავლემ სკოლაში უნდა გააკეთოს, მასწავლებელს იმ რაოდენობის მასალის გავლა, რაც ახლანდელი სტანდარტებით არის გათვალისწინებული ამ რაოდენობის საათების პირობებში არ შეუძლია.
თუ პრაქტიკული მეცადინეობები და სავალდებულო წერითი დავალებები მოსწავლემ სკოლაში უნდა გააკეთოს, მასწავლებელს იმ რაოდენობის მასალის გავლა, რაც ახლანდელი სტანდარტებით არის გათვალისწინებული ამ რაოდენობის საათების პირობებში არ შეუძლია
არსებობს სხვა მიზეზიც - პროგრამის შინაარსის განსაზღვრის საკითხი. უკანასკნელ წლებში ხშირად მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს შინაარსი - ეს საკითხი მუდმივად ცვალებადობას ექვემდებარებოდა, მაგ. ისტორიის საგანში მთავარი სადაო საკითხი იყო - შინაარსის სწავლებისას თემატური პრინციპი უფრო უნდა იქნას დაცული თუ ქრონოლოგიური და ა.შ.
თუმცა, ჩემი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ ახალ სტანდარტებზე გადასვლისას უფრო პირველი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და შინაარსობრივ ნაწილში მკვეთრად რევოლუციურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
- სად არსებობს ასეთი პრაქტიკა და როგორ მუშაობს იგი? რეალურად რა ცვლილებებია მოსალოდნელი?
- დასავლეთში საგნობრივი სტანდარტები პრაქტიკულად ყველგან არსებობს. მოსწავლის მიერ ასათვისებელი სავალდებულო მასალა არის ნაკლები, საკუთრივ სახელმძღვანელოში მოცემული შინაარსობრივი მასალა შეიძლება ათვისებულ იქნას მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს და დავალება შეიძლება მხოლოდ შემოქმედები ხასიათისა იყოს.
ასე მაგ. IB (International Baccalaureate) პროგრამის მე-10 კლასის ისტორიის მასალაში მეორე მსოფლიო ომზე წერია მცირე მასალა, რომლის ათვისება გაკვეთილზეც შეიძლება, ხოლო დავალება შემდეგი სახისაა: „მოამზადეთ საგაზეთო სტატია, რომელიც ომის მიმდინარეობის რომელიმე ეტაპზე ომში ჩართულ რომელიმე ქვეყანაში გამოქვეყნდებოდა. საგაზეთო სტატიის მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ მას უნდა ჰქონოდათ დრამატული, ყურადღების მიმქცევი სათაური, მნიშვნელოვანი, პირველი გვერდის სვეტისთვის განკუთვნილი, დამაინტრიგებელი ინფორმაცია, ასევე უნდა ახლდეს ავთენტური, ეპოქის და ქვეყნის შესაბამისი ფოტო“.
დასავლეთში საგნობრივი სტანდარტები პრაქტიკულად ყველგან არსებობს. მოსწავლის მიერ ასათვისებელი სავალდებულო მასალა არის ნაკლები, საკუთრივ სახელმძღვანელოში მოცემული შინაარსობრივი მასალა შეიძლება ათვისებულ იქნას მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს და დავალება შეიძლება მხოლოდ შემოქმედები ხასიათისა იყოს
ასეთ დავალებას თინეიჯერი მოსწავლეები დიდი ხალისით აკეთებენ - ის შემოქმედებით პროცესთან და საკითხის გარშემო დიდი ინფორმაციის მოძიებასთან არის დაკავშირებული. ისინი მას უფრო დიდ დროს დაუთმობენ, ვიდრე სახელმძღვანელოში კონკრეტული თავიდან 3-5 გვერდის წაკითხვას, ამავდროულად უფრო ხალისიანად აკეთებენ.
რაც შეეხება ამერიკის ეროვნულ კურიკულუმს, იქ გაწერილია მხოლოდ რა უნარებზე უნდა გახვიდე სწავლების ბოლოს. მაგ. მე-9-10 კლასის მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისტორიული წყაროდან (როგორც პირველადი, ასევე მეორეული) თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად შესაბამისი ფაქტის მოძებნა და გამოყენება. ასევე, ავტორის სუბიექტურობის მიზეზის გამოვლენა. ამას კონკრეტული შტატი, სკოლა ან მასწავლებელი რა მასალის საფუძველზე გააკეთებს, აკადემიური თვალსაზრისით სრულიად თავისუფალია.
მე პირადად ვასწავლი ამერიკული პროგრამითაც, სკოლამ კურიკულუმის შემუშავებისას დააკმაყოფილა სტანდარტებით გათვალისწინებული სავალდებულო ნაწილი, კონკრეტული უნარების გამომუშავება შეიტანა პროგრამაში, მაგრამ შინაარსის და მასალის ზომის საკითხი მე-6-მე-10 კლასებში თავად გადაწყვიტა, რაც სრულებით შეესაბამებოდა აკრედიტაციისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.
ჩვენთანაც თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით მასალა შემცირდა, ეს შესაძლებლობა მოგვცემს უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო გაკვეთილები ჩავატაროთ და საბოლოო ჯამში, უკეთესი შედეგი მივიღოთ.
- სადაც ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს, ამ ქვეყნების ახალგაზრდებს, სკოლის დამთავრების შემდეგ პრობლემა არ აქვთ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარონ.
თუ ახალ საგნობრივ სტანდარტებზე გადასვლა ხელს შეუწყობს ჩვენმა ახალგაზრდებმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება, ეს ნამდვილად საშური საქმეა.
იმედი უნდა ვიქონიოთ, მოვა დრო, როცა საქართველოში სკოლადამთავრებულებს ექნებათ იმის კომპეტენცია, რომ უცხოეთში განათლება პრობლემების გარეშე მიიღონ.
რადგან ახალ საგნობრივ სტანდარტებზე გადასვლის შემდეგ ქვეყანა პრაქტიკულად განათლების ახალ სისტემაზე გადავა, კარგი იქნება თუ ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, თუ რა განსხვავებაა საქართველოში დღეს არსებულ პრაქტიკასა და უცხოურ პრაქტიკას შორის?
- დასავლეთში მეტი აქცენტი კეთდება სასკოლო ეტაპზე უნარების გამომუშავებაზე. დღეს აღარ არის სავალდებულო ადამიანი მოსიარულე ენციკლოპედია იყოს, ამისთვის Google არსებობს. დღეს საჭიროა, რომ მოსწავლემ იცოდეს წაკითხულის სწორად გააზრება, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში საკვანძო პრობლემას წარმოადგენს.
მთავარია ასევე მოსწავლემ იცოდეს სხვადასხვა დარგში ცოდნა სხვადასხვა აზრების დიდხნიანი განსჯის და ინფორმაციის შეჯერების შედეგად როგორ იქმნება. კონკრეტულად ჩემს საგანში, ისტორიაში, ერთი საკითხის გარშემო ცოდნა ეფუძნება ისტორიოგრაფიულ დისკურსს და დღეს შეიძლება გაბატონებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ის ერთბაშად არ გაჩენილა - ამაზე ისტორიოგრაფია ხანგრძლივი კამათის და მსჯელობის შედეგად მივიდა.
დასავლეთში მეტი აქცენტი კეთდება სასკოლო ეტაპზე უნარების გამომუშავებაზე. დღეს აღარ არის სავალდებულო ადამიანი მოსიარულე ენციკლოპედია იყოს, ამისთვის Google არსებობს. დღეს საჭიროა, რომ მოსწავლემ იცოდეს წაკითხულის სწორად გააზრება, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში საკვანძო პრობლემას წარმოადგენს
მოსწავლემ სწორედ ეს პროცესი უნდა ისწავლოს, რათა მომავალში შეძლოს კონკრეტულ დარგში სიახლის შექმნა. ბუნებრივია, ეს კონკრეტული ემპირიული მასალის გარეშე ვერ მოხერხდება, მაგრამ შინაარსობრივ ნაწილში რა შევა და რამდენად სიღრმისეულად, ეს უკვე შეთანხმების საკითხია.
ამასთან, ზემოხსენებული უნარი ყველა საგანში საშუალო საფეხურამდე ზოგადად უნდა გამოიმუშაოს, ხოლო საშუალო საფეხურზე გაღრმავებულად. შესაბამისად, საშუალო საფეხურზე სავალდებულო არ არის ყველა ეპოქისა და ქვეყნის ისტორიას სწავლობდეს, დასაშვებია მხოლოდ მცირე მონაკვეთს და სიღრმისეულად.
ამერიკულ პროგრამებში ეს ჩაშლილია ასე: ევროპის ისტორია ცალკე ისწავლება, მსოფლიოს ახალი და უახლესი ისტორია (რენესანსიდან დღემდე) ცალკე, ამერიკის ისტორია - ცალკე. IB პროგრამაში ჩაშლილია პერიოდებად და კონკრეტულად სკოლას შეუძლია ასწავლოს მაგ. მხოლოდ XX საუკუნის ისტორია ორი წლის განმავლობაში კვირაში 5 საათით ან მეტითაც. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი მხოლოდ ამ მონაკვეთის სწავლებას დაუთმობს 350 აკადემიურ საათზე მეტს.
პროფილური სწავლება, რაზეც იყო საუბარი, სწორედ ამის საშუალებას მოგვცემს - მოსწავლეს ზედა კლასებში ექნება მხოლოდ მაპროფილებელი საგნები, რომელიც მას მოამზადებს საუნივერსიტეტო დონისთვის. ბრიტანეთში ამ დონეს foundation-ს (საბაზისო) უწოდებენ, იგულისხმება, რომ სწორედ აქ უნდა ჩაეყაროს საფუძველი საუნივერსიტეტო დონეზე გადასვლას და მოსწავლის მომზადებას
ასეთ ვითარებაში მასწავლებელს საშუალება აქვს მოსწავლეს კონკრეტულ საგანში აკადემიური წერა და ნაშრომის შექმნა ასწავლოს, რომელშიც შეიძლება სამეცნიერო სიახლეც კი იყოს.
ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უნივერსიტეტებს მომზადებული შეხვდნენ და დღეს, მაგ. პირველკურსელებს რეფერატის წერა რომ უჭირთ და საერთოდ არ იციან, როგორ უნდა დაიმოწმონ წყაროები აკადემიურად, ეს პრობლემა აღარ იქნება მომავალში.
პროფილური სწავლება, რაზეც იყო საუბარი, სწორედ ამის საშუალებას მოგვცემს - მოსწავლეს ზედა კლასებში ექნება მხოლოდ მაპროფილებელი საგნები, რომელიც მას მოამზადებს საუნივერსიტეტო დონისთვის. ბრიტანეთში ამ დონეს foundation-ს (საბაზისო) უწოდებენ, იგულისხმება, რომ სწორედ აქ უნდა ჩაეყაროს საფუძველი საუნივერსიტეტო დონეზე გადასვლას და მოსწავლის მომზადებას.
- როცა ახალ საგნობრივ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, რომელიც ბევრ წარმატებულ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს, საინტერესოა ისიც ვიცოდეთ ამ ქვეყნებში სასწავლო გეგმები როგორ იქნა შემუშავებული.
როგორია დასავლეთის ქვეყნებში სასწავლო გეგმების შემუშავების დასავლური პრაქტიკა?
- ზოგადად არსებობს ეროვნული კურიკულუმები და საერთაშორისო სკოლის კურიკულუმი. ეროვნული კურიკულუმები უფრო მკაცრად და დეტალურად არის გაწერილი, მაგრამ, ამავდროულად, კონკრეტულად სკოლას და მეტსაც გეტყვით, კონკრეტულ მასწავლებელს აკადემიური თავისუფლება მაღალი აქვს.
მაგ. პროგრამაში გაწერილია, რომ მოსწავლემ უნდა ისწავლოს საფრანგეთის რევოლუცია, ამერიკის რევოლუცია, ლათინური ამერიკის რევოლუციები და ა.შ. მაგრამ საილუსტრაციოდ და უფრო სიღრმისეულად მასალის შესასწავლად, მასწავლებელი წყვეტს რომელ წყაროს განიხილავს ანალიტიკური უნარების განსავითარებლად - ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და კონსტიტუციას თუ სიმონ ბოლივარის საპროგრამო დოკუმენტს „წერილი იამაიკიდან“.
ბრიტანული სისტემა საშუალო საფეხურზე კიდევ უფრო თავისუფალია, მაგ. მოსწავლე სწავლობს მხოლოდ ორ ეპოქას სიღრმისეულად - ეს შეიძლება იყოს 1) ტიუდორების ეპოქის ინგლისი და 2) დემოკრატია და ნაციზმი გერმანიაში (1918-1945 წწ.). ამის განხორციელება სკოლაში შესაძლებელია მხოლოდ პროფილური სწავლების პირობებში.
ზოგადად არსებობს ეროვნული კურიკულუმები და საერთაშორისო სკოლის კურიკულუმი. ეროვნული კურიკულუმები უფრო მკაცრად და დეტალურად არის გაწერილი, მაგრამ, ამავდროულად, კონკრეტულად სკოლას და მეტსაც გეტყვით, კონკრეტულ მასწავლებელს აკადემიური თავისუფლება მაღალი აქვს
ბუნებრივია, ამას თან ერთვის ის საკითხიც, რომ შესაბამისი კადრიც უნდა გყავდეს მზად. აქ ალბათ ერთი მომენტი იქნება გასათვალისწინებელი - ასე დავიწროებულად და ამასთან კვლევითი უნარების შესწავლის დონეზე მაგ. ისტორია შეიძლება ასწავლოს მხოლოდ ისეთმა ისტორიკოსმა, ვისაც მინიმუმ სამაგისტროს დონის ნაშრომი დაუწერია და აუცილებლად ამ ეპოქაზე.
ასე დავიწროება და დაშლა საბოლოო ჯამში, მოსწავლეს უნივერსიტეტისთვის ამზადებს და ძალიან დადებითი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ისედაც კადრების პრობლემასთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, ეს საკითხიც დადგება - ვინ უნდა ასწავლოს ასე.
- ამ თემაზე მსჯელობას მივყავართ იმის სწორად გაგებამდე თუ რა განსხვავებაა დასავლეთის განათლების სისტემაში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების დონეებს შორის.
რა განსხვავებაა დასავლეთის განათლების სისტემაში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების დონეს შორის?
- როგორც მოგეხსენებათ, სასკოლო განათლების ფუნქცია ყველა დარგში საბაზისო ცოდნის მიცემაა, ხოლო საუნივერსიტეტოსი - მაპროფილებელი, კონკრეტული სპეციალობის შესწავლის.
სასკოლო განათლების ფუნქცია ყველა დარგში საბაზისო ცოდნის მიცემაა, ხოლო საუნივერსიტეტოსი - მაპროფილებელი, კონკრეტული სპეციალობის შესწავლის
დასავლეთში სხვადასხვანაირად, მაგრამ არსებობს საუნივერსიტეტო დონის ასე ვთქვათ, „ჩატანა“ სასკოლო დონეზე. ამის მიზანია მოსწავლეებს რამდენიმე საგნით მაინც, ან საშუალო საფეხურზე მაპროფილებელი განათლებით და ყველა საგნის მეშვეობით, საშუალება მიეცეთ მოემზადონ საუნივერსიტეტო სწავლებისთვის.
შესაბამისად, გადასვლა სასკოლოდან საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდისთვის საკმაოდ ფაქიზად ხდება - გუშინდელ მოსწავლეს და აბიტურიენტს ერთბაშად არ ეჯახება უნივერსიტეტში უამრავი სიახლე.
გადასვლა სასკოლოდან საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდისთვის საკმაოდ ფაქიზად ხდება - გუშინდელ მოსწავლეს და აბიტურიენტს ერთბაშად არ ეჯახება უნივერსიტეტში უამრავი სიახლე
- საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების კვალიფიკაცია რომ პრობლემაა, კარგა ხანია ცნობილია.
მასწავლებელთა ტესტირების შედეგებმა არა ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად ყველა საგანში სავალალო სტატისტიკა გვაქვს.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, რატომღაც დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ასაკოვანი პედაგოგების საჯარო სკოლებში დაბრუნების იდეა, სწორედ ტესტირების სავალალო სტატისტიკას უკავშირდება.
ფაქტია ისიც, რომ ახალ საგნობრივ სტანდარტებზე გადასვლის შემდეგ ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური იქნება.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალ საგნობრივ სტანდარტებზე გადასვლის შემდეგ საჯარო სკოლებს კვალიფიციური და სათანადოდ მომზადებული მასწავლებელი ჰყავდეს ჰყავდეს?
- პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემას საქართველოში ბევრი მიზეზი აქვს და ეს მიზეზები, თაობების მიხედვით განსხვავებულია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო კარგი პედაგოგი.
პირველი, კლასის მართვა უნდა იცოდე, კლასი თუ არ უჯერებს პედაგოგს, იქ მისი ცოდნის ფასი ნულია და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის უპირველესი. მეორე, საგნის მაღალ დონეზე ცოდნა, მესამე - პრინციპის - „დავალების მიცემა ადვილია, მაგრამ სწავლება - რთული“ - გათავისება და შესაბამისად, გაკვეთილის სწორად და საინტერესოდ წარმართვა, ასევე მოსწავლესთან მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სწორი უკუკავშირის დასამყარებლად მუდმივი მზადყოფნა და მეოთხე - დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სასურველი, მაგრამ არასავალდებულო კომპონენტი - ციფრული ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი.
ასაკოვან და გამოცდილ მასწავლებლებს ძირითადად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უჭირთ, 90-იან წლებში, როცა კორუფცია ყვაოდა, სტანდარტები და ობიექტური შეფასებები ნაკლებად იყო დამკვიდრებული საუნივერსიტეტო სივრცეში, უმაღლეს განათლება მიღებული თაობის პრობლემა (თუმცა, არა ყველა შემთხვევაში) საგნის არცოდნაა, ახალგაზრდა თაობის პრობლემა უფრო კლასის მართვა და გაკვეთილის სწორად დაგეგმვაა, ძირითადად, გამოუცდელობის გამო. კომპლექსურად ყველა კომპონენტი რომ თანაბრად ჰქონდეს განვითარებული მასწავლებელს, ასეთი იშვიათია.
ტესტირებებს არც ისეთი სავალალო შედეგი აქვს ძალიან ახალგაზრდა თაობაში. ვგულისხმობ 27-28 წლამდე ახალგაზრდებს და ამას თავისი ახსნა აქვს: ბოლო წლებში ისეთი სპეციალობების დაუფლება, როგორიცაა ფილოლოგია, ისტორია, ბიოლოგია, მათემატიკა, უნივერსიტეტებში უფასო გახდა.
ტესტირებებს არც ისეთი სავალალო შედეგი აქვს ძალიან ახალგაზრდა თაობაში. ვგულისხმობ 27-28 წლამდე ახალგაზრდებს და ამას თავისი ახსნა აქვს: ბოლო წლებში ისეთი სპეციალობების დაუფლება, როგორიცაა ფილოლოგია, ისტორია, ბიოლოგია, მათემატიკა, უნივერსიტეტებში უფასო გახდა
თუკი ადრე ამ სპეციალობებზე ჩაბარებისას არცთუ სახარბიელოდ ესახებოდათ მომავალი და საუკეთესო აბიტურიენტები ირჩევდნენ მაგალითად, იურიდიულს, ეკონომიურ ან სამედიცინოს, უფასო სწავლების შესაძლებლობამ მიიზიდა უფრო კარგად მომზადებული აბიტურიენტები ამ სპეციალობებზე.
ამავდროულად, პედაგოგებისთვის პირობები შედარებით გაუმჯობესდა, შესაბამისად, ასეთი შედეგი მივიღეთ: სტუდენტების დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე წარმატებით აბარებს მასწავლებელთა გამოცდას, ზოგი ძალიან მაღალი მაჩვენებლითაც.
ეს არის ყველაზე ახალგაზრდა თაობა, რომლის მიმართაც ჯერ საკმარისი ნდობა არ არსებობს, თუმცა, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას. მათ ნდობას უფრო მარტივად კერძო სკოლები უცხადებენ, მათ საჯარო სექტორში თავის დამკვიდრება უფრო უჭირთ და ნაკლებადაც უღირთ.
სკოლიდან დიდი ხნის სტაჟის მქონე მასწავლებლების ერთბაშად დათხოვნა არ შეიძლება. საერთოდაც, უნდა იყოს სისტემა, რომელიც პედაგოგების სხვადასხვა თაობების აღზრდას თავად სკოლის შიგნით შეუწყობს ხელს და სისტემა არ უნდა იყოს ასაკობრივი ან სხვა ნიშნით ნაკლოვანებების ძიებაში და ასე ვთქვათ, „დათხოვნის კანდიდატების“ გამოვლენაზე ორიენტირებული
მათი პრობლემა ჩემ მიერ ზემოხსენებული პირველი და მესამე კომპონენტების სისუსტე შეიძლება იყოს, მაგრამ ამისთვის არსებობს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ეს კომპონენტები, კლასის მართვა და საინტერესოდ დაგეგმვა, დამწყებმა მასწავლებელმა გამოცდილი მასწავლებლისგან უშუალოდ გაკვეთილზე დასწრებით უნდა ისწავლოს.
შესაბამისად, ბუნებრივია, სკოლიდან დიდი ხნის სტაჟის მქონე მასწავლებლების ერთბაშად დათხოვნა არ შეიძლება. საერთოდაც, უნდა იყოს სისტემა, რომელიც პედაგოგების სხვადასხვა თაობების აღზრდას თავად სკოლის შიგნით შეუწყობს ხელს და სისტემა არ უნდა იყოს ასაკობრივი ან სხვა ნიშნით ნაკლოვანებების ძიებაში და ასე ვთქვათ, „დათხოვნის კანდიდატების“ გამოვლენაზე ორიენტირებული.
- ახლა უნდა შევეხოთ თემას, რომელზეც პრემიერის მრჩეველმა განათლების საკითხებში ბატონმა გია მურღულიამ ისაუბრა და რასაც საკმაოდ კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ 2027 წლიდან ქვეყანაში აღარ იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს სკოლები განახორციელებენ.
ბატონმა გია მურღულიამ თქვა - სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასვლის რა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაც არსებობს და წარმატებული პრაქტიკაა, საქართველოც ამის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ვერსია ასე გამოიყურება: 1. მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდას, ამას ჩაატარებს NAEC. ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ. ერთი კომპონენტი იქნება ეს შედეგი, რას მიაღწიეთ ეროვნული შეფასების დროს. 2. მოსწავლის საშუალო ნიშანი, რომელიც ალბათ ბოლო რამდენიმე კლასს მოიცავს. 3. სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად ბარდება. საორიენტაციოდ, ეს იმ ტიპის გამოცდაა, როგორიცაა SAT. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არის ვერსიის დონეზე. 4. თავად უნივერსიტეტი რასაც შესთავაზებს. ეს უფრო ობიექტური სისტემა იქნება შერჩევის თვალსაზრისით.“
ამ თემაზე საბოლოოდ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უცნობია.
ბევრი დამკვირვებელიც და პოლიტიკოსები უკვე საუბრობენ რომ თუ ასე მოხდა, საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად „მექრთამეობის ცენტრი სკოლა გახდება“.
თუ სკოლებშიც გამოცდებს „NAEC-სა ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა“ ჩაატარებს, არა მგონია ამ თვალსაზრისით პრობლემები გაჩნდეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ იდეას და მისი განხორციელების იმ ვერსიას, რაზეც ბატონი გია მურღულიამ საუბრობს?
- დადებითად და პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს, უნივერსიტეტში მოხვედრა არ მიმაჩნია სწორად, დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ეროვნული გამოცდები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე პროფესიის დასაუფლებლად იყოს მზად, ამის შედეგია თუნდაც ის, რომ სპეციალობებს შორის მობილობა ხშირია სტუდენტებში.
დასავლეთში უნივერსიტეტები მართებულად ითვალისწინებენ მრავალ კომპონენტს და ბატონი გიას მიერ გაჟღერებული იდეა სწორედ დასავლურ პრაქტიკას ჰგავს. პირველ კომპონენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან ჯერ სამინისტროსაც არ გადაუწყვეტია, ერთ საგანში ჩაატარებს ამ გამოცდას თუ რამდენიმეში.
იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს, უნივერსიტეტში მოხვედრა არ მიმაჩნია სწორად, დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ეროვნული გამოცდები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე პროფესიის დასაუფლებლად იყოს მზად, ამის შედეგია თუნდაც ის, რომ სპეციალობებს შორის მობილობა ხშირია სტუდენტებში
ზოგიერთი ევროპული კურიკულუმის მიხედვით, ბოლო კლასის დასასრულს მოსწავლეები აბარებენ გამოცდას ან გამოცდებს, რომლის ნიშანიც გავლენას ახდენს უნივერსიტეტში მათი ჩაბარების შანსებზე, მაგრამ აშშ-ში მოსწავლეს საერთოდაც შეუძლია მე-9 კლასიდან დაიწყოს ასეთი გამოცდების ჩაბარება და ვთქვათ, თითო კლასის ბოლოს თითო გამოცდა ჩააბაროს და მე-12 კლასს როცა დაიწყებს, უკვე გააგზავნოს აპლიკაციები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ისე, რომ მისაღები გამოცდები, ზოგი მე-10 კლასში, ზოგი მე-11 კლასში უკვე ჩაბარებული ჰქონდეს. ამას თან თვითონ ირჩევს, როდის რას ჩააბარებს.
მეორე კომპონენტი, რომელიც ბატონმა გიამ ახსენა, მოსწავლის საშუალო ნიშანია ბოლო წლების განმავლობაში. აქ თითქოს საფრთხე არსებობს, რომ მასწავლებლებმა კორუფციულ სქემებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, ეს მარტივად დაძლევადია, თუ, მაგ. შემაჯამებელ შეფასებას ანონიმურად გადაამოწმებს მისი კოლეგა სხვა სკოლიდან, რაც, თავის მხრივ, მასწავლებლების კვალიფიკაციის ერთმანეთის მიერ შემოწმებასაც შეუწყობს ხელს.
ბუნებრივია, ეს შესაძლებელი იქნება, თუ მოსწავლის ყველა შედეგი ელექტრონულად ატვირთული და ანონიმურად, სხვა, სავარაუდო გამსწორებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. აქ, ჩემი აზრით, დამატებითი კადრის ჩართვა არ იქნება საჭირო, უკვე არსებული მასწავლებლების საფუძველზეც შეიძლება ამის განხორციელება. ამ და სხვა მექანიზმების მოფიქრებით, შესაძლებელია კორუფციის საფრთხეების გარეშე ამის განხორციელება.
მესამე კომპონენტს რაც შეეხება, სავარაუდოდ SAT ტიპის გამოცდას, ეს არის რეალურად ზოგადი უნარების გამოცდა, რამდენად დააბრუნებენ მას, არ ვიცი, უფრო არ მგონია.
რაც შეეხება ბოლო კომპონენტს, „რასაც უნივერსიტეტი შესთავაზებს“, ეს, ერთი შეხედვით ზოგადი ფრაზაა, თუმცა, ამავე ინტერვიუში ნახსენებია ერთი საინტერესო რამ: „დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ, რა სოციალურ პროექტებში იღებდით მონაწილეობას, რა ადამიანი იყავით, როგორი მოქალაქე, რა საგანმანათლებლო პროექტებში იყავით ჩართული, რა ინტერესები გქონდა...“
დასავლეთში უნივერსიტეტები არამცთუ ითვალისწინებენ, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ე. წ. კლასგარეშე აქტივობებს. ასეთი აქტივობები ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურია - ზოგი ხეების დარგვაში იღებს მონაწილეობას, ზოგი - ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში, ზოგიც - ცდილობს ისტორიული ძეგლის კონსერვაციისთვის თანხები მოიზიდოს ან არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღოს მონაწილეობა და ა.შ.
დასავლეთში უნივერსიტეტები არამცთუ ითვალისწინებენ, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ე. წ. კლასგარეშე აქტივობებს. ასეთი აქტივობები ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურია - ზოგი ხეების დარგვაში იღებს მონაწილეობას, ზოგი - ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში, ზოგიც - ცდილობს ისტორიული ძეგლის კონსერვაციისთვის თანხები მოიზიდოს ან არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღოს მონაწილეობა და ა.შ.
ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლის სურვილების და მიდრეკილებების წარმოჩენას, ეხმარება მას მისი მომავალი პროფესიის არჩევაში, ასევე სოციალიზაციაში. დღესდღეობით არსებული სისტემით შესაძლებელია, რომ სრულიად ასოციალურმა ადამიანმა დაამთავროს უნივერსიტეტი ისე, რომ არანაირ ასეთ ღონისძიებაში არ მიიღოს მონაწილეობა.
ასეთ ადამიანს ხშირ შემთხვევაში მომავალი არ აქვს - მან არ იცის, როგორ იმუშაოს გუნდთან ერთად, ან უარესი - წაიკითხა და ისწავლა ბევრი, მაგრამ არ იცის, როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში ეს ცოდნა, გარდა იმისა, რომ სხვას ასწავლოს.
დღესდღეობით მსოფლიო სხვა გამოწვევების წინაშე დგას. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ასევე აქტიური მოქალაქეობა და სოციალური ჩართულობა განსაკუთრებით აქტუალური ხდება, შესაბამისად, ეს კომპონენტი, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული უნივერსიტეტებში მისაღებად.
ამის დანერგვის შემთხვევაშიც არსებობს კორუფციის საფრთხეები, რასაკვირველია - რა შეიძლება ჩაეთვალოს მოსწავლეს ასეთ აქტიურობაში და რა არა, და რაც ჩაეთვლება, როგორ უნდა დავითვალოთ, ეს მაინც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს.
ამასთან დაკავშირებითაც მსოფლიოში არსებობს ისეთი პრაქტიკა, რომელიც კორუფციის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს, შესაბამისად, თუ ეს რევოლუციური ცვლილება განხორციელდა, ის მხოლოდ სასიკეთოდ მიმაჩნია და ჩემი აზრით, საზოგადოებას ამის არ უნდა შეეშინდეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი