განსაკუთრებულად სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება აისახოს რაღაცნაირად ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის სამთავრობო გეგმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, პარლამენტს წარედგინება 10 თვის სამოქმედო გეგმა, არჩევნების შემდეგ კი წარადგენენ 4 წლის გეგმას. კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ დიდი პროექტების გაგრძელება, რომელიც აქამდე არსებულ სამთავრობო გეგმაში იყო ჩადებული.
„რაც შეეხება სამთავრობო გეგმებს, შესაბამისი პროგრამა მაქსიმუმ ხვალ წარედგინება ოფიციალურად პარლამენტს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და იქ იქნება ასახული აბსოლუტურად ყველა პრიორიტეტი. თქვენ გესმით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია 10- თვიან პროგრამაზე, მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, იქ წარვადგენთ განახლებულ, 4-წლიან ჯერ საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში - არის ძალიან მსხვილი პროექტები, იგივე უმსხვილესი ავტობანის პროექტი, რომელიც ბოლომდე არის მისაყვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ღონისძიებებზე, თუმცა ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი ფაზისთვის. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება სამთავრობო პროგრამაში და შემდეგ ჩვენს გამოსვლებში, როდესაც ჩვენ წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა.“
„ჩვენ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, ყველა კითხვას ვპასუხობთ და გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა.“,- განაცხადა კობახიძემ.