შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვის ფარგლებში, დეპუტატებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და წინსვლის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელდა.
მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2023 წელსაც დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტო იყო და 64,87%-ს მიაღწია. “პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს სამინისტროში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება.შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებაა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. ის რითიც ყოველ დღე ვამაყობ და რაც არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგი, არის სტატისტიკური მაჩვენებლები - დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულს, 64,87%-ს მიაღწია”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა კრიმინალური პოლიციის რეფორმის და საზღვრის დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელსა და ბოლო წლებში პოლიციელების ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდაზე. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამჟამად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს ქუთაისსა და გარდაბანში. ასევე, ისაუბრა სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენის შესახებ და განაცხადა, რომ 2024 წელს სამინისტროს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“, - განაცხადა გომელაურმა.
„მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა. ასევე, ისაუბრა თბილისში მიმდინარე „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, სადაც 1000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. ვახტანგ გომელაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი სამართალდამცველებისთვის პირველად იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე. ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სამინისტრო მომავალ წლებშიც გააგრძელებს სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელებას და დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა და არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.