თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი 1-ელ სექტემბრამდე მოქმედებს.
მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაშიც ისინი დააკვირდებიან და თუ საჭირო იქნება განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ.
„სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი მოქმედებს 1-ელ სექტემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაშიც ჩვენც დავაკვირდებით და ისინიც დააკვირდებიან. ჩვენ კომუნიკაცია მათთანაც გვქონდა, ზოგადად ბიზნეს სექტორთან გვქონდა კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ცალმხრივად შემუშავებული რეფორმა არ ყოფილა. პირადად მე მქონდა მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან და რამდენიმე ფართო შეხვედრა ჩატარდა, ყველა დასმულ კითხვას პასუხი გაეცა. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ პროდუქტიული თანამშრომლობა შედგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დისტრიბუციის მანქანებთან დაკავშირებით ამ ყველაფერს დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავმართავთ. ყოველ შემთხვევაში 1-ელ სექტემბრამდე დისტრიბუციის მანქანებს გარკვეული საშეღავათო პერიოდი აქვთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვამ შეამცირა თუ არა საცობი დედაქალაქში, რაზეც ხმალაძე ამბობს, რომ „საკმაოდ რთული სათქმელია, როდესაც ვსაუბრობთ იანვრის თვეზე, რადგან ნაკლებად აქტიური თვე არის იანვარი, ცხადია, განსხვავება იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება ტყუილად არ მიგვიღია“.
„საკმაოდ რთული სათქმელია, როდესაც ვსაუბრობთ იანვრის თვეზე, რადგან ნაკლებად აქტიური თვე არის იანვარი. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ დიდი სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვის გამო არის რაიმე განსხვავება, ცხადია, განსხვავება იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება ტყუილად არ მიგვიღია. პიკის საათებში ძალიან ბევრი ინციდენტი ფიქსირდებოდა, რამდენიმე თვე გავიდეს და ჩვენ ციფრებში შეგვიძლია ჩვენ ინფორმაცია წარმოგიდგინოთ, ვინაიდან გამორიცხულია, რომ ამას სხვაობა არ ჰქონდეს. ჩვენ პიკის საათებში გვქონდა ძალიან ბევრი ინციდენტი, რომელიც უკავშირდებოდა დიდი სატრანსპორტო საშუალებების წყობიდან გამოსვლას, ზოგ შემთხვევაში დაგორებას, ზოგ შემთხვევაში კი შეჯახებას. ყველაზე რთული სპეციფიკა ამ სატრანსპორტო საშუალებას აქვს ის, რომ მათი გადაადგილება სავალი ნაწილიდან გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეს არ ხდება მსუბუქი მანქანის მსგავსად. ამიტომ ეს თბილისის გზებზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ საცობებს. მთავარი პირველ რიგში, არის ის, რომ შემცირდეს ინციდენტების რაოდენობა“, - აღნიშნა ხმალაძემ.