ნინო ჩხობაძე - კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე, რადგან ერთ დღეში მოდის იმდენი უხვი ნალექი, რაც 3 თვეში მოდიოდა - ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ, - ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ჰქონოდა, მეწყრის ზონაში ადამიანებს დროულად გაასახლებდნენ.

„ადამიანებს ეტყოდნენ, იცით, პირველი ნიშნები დაეტყო და ახლა უკვე საფრთხეა, უნდა გაგიყვანოთ. გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ჩხობაძის მტკიცებით, სახეზეა კლიმატის ცვლილება.

„ერთადერთი პრევენცია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ეს არის გაასახლოს მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც საშიშროება არის. მით უფრო, განცხადებები მანამდეც კეთდებოდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია აჭარა-თრიალეთის ქედთან მიმართებით. არის საუბარი იმაზე, რომ მცირე კავკასიონიც მოყოლილია ასეთ აქტიურ ზონაში. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტად გააქტიურდება, იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე, იმიტომ, რომ უხვი ნალექი მოდის ერთ დღეში. ის, რაც 3 თვის განმავლობაში მოდიოდა. ამ შემთხვევაში, როცა ეროზირებული გაქვს ძალიან ბევრი მიწა, რა თქმა უნდა, ეს მოწყდება, თან რომ დააკვირდეთ კადრებს, ნახავთ, რომ ფერდის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მოცილებულია. ახალი ნერგებია, რამდენადაც ვხვდები, მანამდე ჭრას ექვემდებარებოდა, ადამიანის ძალიან დიდი ზემოქმედება ჰქონდა ფერდს და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არანაირი წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აგზავნიან მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემები არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით სპეციალისტების არარსებობის გამო.

„ჩვენ ადგილზე სპეციალისტები არ გვყავს. წარმოიდგინეთ, რამდენი მეწყრული ზონაა, ყველაზე რეაგირება ფიზიკურად ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მეწყრული პროცესები გააქტიურა, ასევე, იმ ფაქტორმა, რომ ნალექი, რაც თოვლის სახით უნდა მოსულიყო, წვიმის სახით მოვიდა.

ნინო ჩხობაძემ, ასევე, განმარტა, რომ სახელმწიფომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე უნდა იზრუნოს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და გადაამზადოს კადრები.

„უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, სადაც ვიცით, რომ რაღაც ხდება. თუნდაც რუკები, რომელიც მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს იმას, რომ იკრიბებიან ადამიანები, ვისაც ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ, ათვალიერებენ ადგილზე რა ხდება. თუ ეს საფრთხის შემცველია, მაშინ გამოჰყავთ სოფლიდან ადამიანები ან სპეციალური დამცავი ღონისძიებები ტარდება“, - განაცხადა ჩხობაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში