ზვიად ძიძიგური - პრემიერ-მინისტრის ცვლილებით არაფერი შეიცვლება, რადგან „ის ერთი კაცია“ ხელისუფლების წყაროც, საძირკველიც, სხეულიც და ყველაფერიც

ღარიბაშვილის შემთხვევაში ეს ცალსახად ჩამოლაბორანტებაა, იქიდან გამომდინარე, რომ კი გადაიყვანეს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ იმ პარტიაში საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პოლიტიკური მდივანი - კობახიძე. ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც სენდვიჩის მდგომარეობაშია, მისი გასაქანი იქ არ იქნება,- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ძიძიგური მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს ნომინალური თანამდებობა მისცეს და მისი მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არ დაშალეს იმის გამო, რომ გაგდებულის შთაბეჭდილება არ შექმნილიყო, რადგან ძიძიგურის თქმით, ღარიბაშვილს მხარდამჭერები პარტიის შიგნითაც ჰყავს და საზოგადოებაშიც.

„ეს არის ნომინალური თანამდებობა, რომელიც იმიტომ გამოუყვეს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გაგდებულის სიტუაცია არ ყოფილიყო, რომ მოვიდა ივანიშვილი და გააგდო ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს მხარდამჭერები ჰყავს პარტიაშიც, კობახიძისგან განსხვავებით და არსებობს ღარიბაშვილის ელექტორატიც, ამიტომ მისი გაგდება არ იქნებოდა სწორი საქციელი.

ზოგადად, ლიდერი როცა რეიტინგულია, მას მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს და დამოუკიდებლობის ხარისხიანი მმართველები ივანიშვილს არ სჭირდება, მას სჭირდება ადამიანები, რომლებიც სიტყვის შეუბრუნებლად შეასრულებენ ყველაფერს. კობახიძე კი ძალიან ურეიტინგოა, მას მხარდამჭერები არც პარტიაში ჰყავს და არც, ზოგადად, საზოგადოებაში და სწორედ ეს არის საინტერესო, ასეთი ადამიანებით მანიპულირება უფრო ადვილია, ვიდრე რეიტინგული ფიგურებით.

ბევრი მინისტრი რომ შეცვლილიყო, ისე გამოვიდოდა, რომ ღარიბაშვილი თავისი გუნდიანად გააგდეს, მიაბრძანეს ხელისუფლებიდან და ასეთი სურათის დახატვა არ უნდოდათ. თუ რომელიმე მინისტრის შეცვლა უნდათ, მათ შეუძლიათ ეს თანდათან გააკეთონ, ისე, რომ ამას ცალკე ნდობის გამოცხადება და ცალკე პროცედურები არ სჭირდება“- განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის შეცვლით, არაფერი იცვლება, რადგან გადაწყვეტილების მიმღები კვლავ ივანიშვილია, რომელიც პოლიტიკაში იმისთვის დაბრუნდა, რომ ეჩვენებინა „ვინ არის აქ უფროსი“.

„არაფერი არ შეიცვლება, ამას მე კი არა, თვითონ მინისტრობის კანდიდატებს რომ ეკითხებოდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერს შევცვლითო. თვითონაც ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ჩვენი გუნდიდან რომელს რომელი თანამდებობა უკავია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მართლაც არ აქვს, ვეთანხმები. მთავარი არის, რომ ხელისუფლებაში არის ბიძინა ივანიშვილი და სხვა არავინ არაფერს წარმოადგენს. არიან პაიკები, რომლებსაც ხელისუფლებაში რომელი პოსტი უნდა დაიკავოს, ამას ივანიშვილი წყვეტს.

ამ გადაჯგუფებას ერთი აზრი ჰქონდა, რომ ივანიშვილი მოვიდა ისევ თავისი მდგომარეობის გასაძლიერებლად და საჩვენებლად, ვინ არის აქ უფროსი, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა 2021 წლის თებერვლიდან და ამ 3 წელიწადში ღარიბაშვილი, კობახიძე და ა.შ. ყელყელაობდნენ და მე მგონი, არ მოეწონა ეს ივანიშვილს და მოვიდა, რომ დაანახოს, ვინ არის აქ უფროსი. უცებ დაამყარა წესრიგი, სხვათა შორის, პირველივე გამოჩენაზე, ყრილობაზე, როგორც კი მივიდა, როგორი სიმწრით იცინოდნენ ამ ყრილობის დელეგატები, ეს კადრები, ალბათ, არასდროს დამავიწყდება, იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო მათთვის, საერთოდ არ იცოდნენ ეს ამბავი. მათი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ პაიკები არიან ისიც ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე საათით ადრე ჰკითხეს, მართალია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, მერე ჰკითხეს, მართალია, რომ ღარიბაშვილი უნდა ჩაანაცვლოს კობახიძემო და პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერზე ამბობდა, რომ ეს არის სპეკულაცია, სკანდალებს ხართ გამოკიდებულიო და ასეთი ტიპის კომენტარები ჰქონდა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ერთმა კაცმა მიიღო და ასეთი ქვეყანა გვაქვს ჩვენ დღეს, რომ „ის ერთი კაცია“ ხელისუფლების წყაროც, საძირკველიც, სხეულიც და ყველაფერი ის ერთი კაცია. ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი შეიცვლება - ის ერთი კაცი ხომ ისევ იქ არის და ისევ ისეთ განწყობაზე, როგორზეც იყო ერთი წლის წინ?“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა