2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკნითი სიტყვის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს კარგი პოზიციები აქვს და მისი რეიტინგი დაახლოებით 60%-მდეა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის პროცესები, რომელიც გამოვიარეთ 2020 წლიდან და რა ელოდა ჩვენს ქვეყანაში იმ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ ავიღებდით საპარლამენტო უმრავლესობას 2020 წელს ან თუ ვერ მივიღებდით ხმების 43%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, რაც გამოიწვევდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავცდებოდით უკრაინის სცენარს. ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომელსაც გვიყენებდა ოპოზიცია 2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი. შესაბამისად ამ ჭრილში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კონკურენცია. ჩვენ გასული სამი წლის განმავლობაში ვიბრძოდით რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ ქვეყნის გადასარჩენად. არც მეტი, არც ნაკლები, აქ საკითხი ეხებოდა ქვეყნის გადარჩენას. ანალოგიურად დგას საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. ეს განაპირობებს ჩვენი მხრიდან იმ ხანდახან ხისტს დამოკიდებულებას, რომელსაც ვავლენთ ხოლმე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. აქ საქმე ეხება იმ ამოცანას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მისი წინსვლა, განვითარება. აქედან გამომიდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.
დღეს გვაქვს ძალიან კარგი პოზიციები, ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%-მდე, გვაქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ეს მხარდაჭერა ძირითადად განპირობებულია ორი ფაქტორით. პირველი ეს არის მშვიდობა, მიუხედავად იმ ურთულესი ვითარებისა, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. მეორე, ეს არის ეკონომიკური პროგრესი, რომელიც გვქონდა ამ სამი წლის განმავლობაში. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ მიღწეული და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი. მთავრობის საქმიანობა წელს, ისევე როგორც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, იქნება ამ ყველაფერზე ორიენტირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სამთავრობო გუნდი არსებითი ცვლილების გარეშეა წარმოდგენილი, რადგან ღირსეული პატრიოტებისგან, პროფესიონალებისგან შედგება.
„მთავრობა არის წარმოდგენილი ძალიან ღირსეული გუნდით. პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არსებითი ცვლილების გარეშე იქნა წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი. ეს გუნდი შედგება ღირსეული ადამიანებისგან, პატრიოტებისგან, პროფესიონალებისგან. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმ საკითხების სწორად მოგვარებას, პრობლემების გადაჭრას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენი სამთავრობო გუნდის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.