11 თებერვალს, იაპონიის საელჩომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საელჩოს გახსნის 15 წლის იუბილე მაესტრო უსუი ტოშიკის საფორტეპიანო
კონცერტით აღნიშნა. ამის შესახებ იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, კონცერტის დასაწყისში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა იაპონიის ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც საელჩოს გახსნის 15 წლის იუბილე მიულოცა. კონცერტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროდან, რაც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ თანამშრომლობას. ამასთან, განმარტავენ, რომ კონცერტზე მაესტრო უსუიმ შეასრულა საკამოტო რიუიჩის, ჰირაი კოძაბუროს, ტოორუ ტაკემიცუს, იჰუკუბე აკირასა და იაპონიაში დასავლური კლასიკური მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილის მქონე ალექსანდრე ჩერეპნინის ნამუშევრები. ღონისძიებაზე, ასევე პატივი მიაგეს მაესტრო უსუის დიდი ხნის მეგობარს, ბატონ ვაჟა აზარაშვილს, მისი კომპოზიციების შესრულებით. „ბატონი ვაჟა აზარაშვილი 10 წლის წინ გავიცანი და მისი მუსიკა ჩემთვის იყო და არის დამაკავშირებელი ხიდი ჩემსა და საქართველოს შორის. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ამ კონცერტზე ბატონი ვაჟას ნაწარმოებების შესრულებით, მისი მიღწევებისადმი პატივი მიმეგო. იმედი მაქვს, რომ წარმატებით გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას საქართველოში და მისი ნამუშევრების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. ასევე, სურვილი მაქვს ორკესტრთან ერთად შევასრულო ბატონი აზარაშვილის „საფორტეპიანო კონცერტი No.2“, რომლის პრემიერაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, ქართველი მსმენელისთვის გამეცნო რამდენიმე დიდი იაპონელი კომპოზიტორი, როგორებიც არიან საკამოტო რიუიჩი და იჰუკუბე აკირა. ამასთანავე, შესრულდა ალექსანდრე ჩერეპნინის ნამუშევრები, კომპოზიტორის, რომელმაც იაპონიაში დასავლური კლასიკური მუსიკის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ვფიქრობ, მუსიკის საშუალებით ნამდვილად შევძელით კულტურულ მონაპოვართა გაცვლა“, - აღნიშნა მაესტრო უსუიმ კონცერტის შემდეგ.
საელჩოს ცნობით, წელს აღინიშნება 15 წელიწადი საქართველოში იაპონიის საელჩოს გახსნიდან და ჩვენ, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების საშუალებით, განვაგრძობთ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად.
კონცერტზე შესრულებული კომპოზიტორებისა და ნაწარმოებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ja/11_000001_00771.html