საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის, საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.
„გიორგი ამილახვარმა სტუმრებს განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე პროექტები და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების მიმართულებით სამომავლო გეგები გააცნო.
მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებულ სექტორულ პარტნიორობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს განათლების სისტემის გაუმჯობესებას.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხს და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს. მხარეებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების კუთხით ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება და მეტი ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება აუცილებელია.
აგიტა ზარინა-სტურესამ დადებითად შეაფასა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სისტემის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.