მსჯელობა მიმდინარეობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ვენეციის რეკომენდაციების ნაწილში. გარკვეულ საკითხებზე მოხდა პოზიციების შეჯერება, ზოგიერთზე უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციის მოსაზრებები მოისმინა და ახლა მთავარია, როგორ ასახავს ამას კანონმდებლობაში.
"არსებითი და ღრმა მსჯელობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც დაიდება კონკრეტული ცვლილებების პროექტი. სასიამოვნო იყო ის, რომ ხელისუფლება იყო კონსტრუქციული და ისმენდა ოპოზიციის მოსაზრებებს, მაგრამ მთავარია, როგორ აისახება ეს ყველაფერი,"- განაცხადა კორძაიამ.
ის, ასევე, გამოეხმაურა "ლელოს" პოზიციას, რომელიც მიმდინარე პროცესს ფარსად აფასებს და მონაწილეობას არ იღებს. კორძაია მიიჩნევს, ხელისუფლება მარტო არ უნდა დარჩეს იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება მოქალაქეთა შესახებ.
"ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი გზა, როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, 9 ნაბიჯის შესრულება დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა ხელისუფლება ცვლილებებს. ამიტომ ხელისუფლება მარტო არ უნდა დავტოვოთ იმ მოედანზე, სადაც ჩვენს შესახებ, მოქალაქეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება," - განაცხადა კორძაიამ.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები,
მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.