7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. 3 საკითხიდან ერთი, რომელიც სასამართლოებს ეხება, გადავდეთ შემდეგი შეხვედრისთვის და შევეცდებით, რომ ის მალე ჩავნიშნოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერებასთან დაკავშირებით განხილული იყო 8 საკითხი და ყველა ამ საკითხზე ფაქტობრივად მოხდა შეთანხმება.
„უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძირითადად შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციულ ბიუროს ფუნქციონირებას, ჩვენ, პრინციპში გვაქვს თანხმობა. ერთადერთი საკითხი, სადაც ოპოზიციას აქვს თავისი პოზიცია არის ის, რომ პარლამენტში ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა 17 საკითხზე და 15-ზე ფაქტობრივად შედგა შეთანხმება.
„ოპოზიციის ნაწილი რაზეც საუბრობს და სადაც არ არის თანხმობა არის ის, რომ სურთ ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა პარლამენტში მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობით. კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის მუდმივი თემაა ანუ მათ უნდათ, რომ არჩევნები წააგონ და შემდეგ გადაწყვეტილებები მათ მიიღონ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ცნობილია. კვალიფიციური უმრავლესობა, სინამდვილეში, არის მახინჯი პრაქტიკა. ჩვენ ეს გვაჩვენა ცესკოს შემთხვევამაც. რეალურად არის მცდელობა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა შეიფუთოს როგორც კონსენსუსის მექანიზმი. სინამდვილეში ეს არის გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმი ოპოზიციისთვის და ამ საკითხზე ცხადია რომ თანხმობა ვერ გვექნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციამ დააყენა ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭების საკითხი, რაც არ არის ვენეციის კომისიის პირდაპირი რეკომენდაცია.
„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია კიდევ მოხდეს საგამოძიებო ფუნქციების დაქსაქსვა, თუმცა ჩვენი შეთავაზება იყო, რომ შემოვიღოთ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი, რომელიც გამოკვლევის ტიპის პროცესი იქნება, რაც რეალურად სჭირდება ანტიკორუფციული ბიუროს იმისთვის, რომ ქმედითი იყოს თავისი ფუნქციების განხორციელებისთვის - გამოითხოვს დოკუმენტაცია, ჩაატაროს სხვადასხვა გამოკითხვები. ამ საკითხზეც გვქონდა საერთო შეთანხმება, რომ ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება.
ამავე დროს, შევთანხმდით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტით აღჭურვასთან დაკავშირებით. ასევე, მსჯელობა გვქონდა მამხილებლის დაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე, ვისაუბრეთ დეკლარაციების სისტემის დახვეწაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.