ბორის სოკოლოვი - ნავალნი გააქრეს იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ შეეფასებინა და მხარდამჭერებისთვის აქტიური ქმედებებისკენ არ მოეწოდებინა, არ მჯერა, რომ რუსეთში აქციებს რევოლუციის გამოწვევა შეუძლია

ნავალნის გარდაცვალებაზე, სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება რუსულ საზოგადოებას მომხდარზე, იმაზე, ნავალნის გარდაცვალება რა კორექტივებს შეიტანს მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციის შედეგებზე, ასევე კარლსონ-პუტინის სკანდალური ინტერვიუს შედეგებზე, „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, ოპოზიციონერ ნავალნის გარდაცვალების გამო წუხილი და საკმაოდ კრიტიკული განცხადებები ბევრმა ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ ახლა მცხოვრებმა ასევე რუსმა ოპოზიციონერმა გააკეთეს.

კომენტატორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ციხეში მყოფი ნავალნის ახლა გარდაცვალება პუტინის შურისძიება იყო ნავალნიზე. ზოგი თვლის, რომ პუტინს ნავალნის, როგორც ოპონენტის ეშინოდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს, მხედველობაში მაქვს ნავალნის გარდაცვალება?

- ვფიქრობ, რომ ნავალნის გაქრობა უკავშირდება რუსეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ნავალნი გააქრეს იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ შეეფასებინა და მხარდამჭერებისთვის აქტიური ქმედებებისკენ არ მოეწოდებინა.

ნავალნის გაქრობა რუსეთში ჩასატარებელ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოხდა.

- ვითარებაში, როცა რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია ეკონომიკური სანქციები, ნავალნის გაქრობას აქვს როგორც საშინაო, ისე საგარეო განზომილებაც.

გარდა იმისა, რაც ბრძანეთ, რა შეიძლება ყოფილიყო ნავალნის გაქრობის მიზეზი?

- ვფიქრობ, რომ ნავალნის გაქრობის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მას ვერაფერი ეთქვა.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა 2021 წელს გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომ ნავალნის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში რუსეთს დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები ექნება. მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს თუ რამ შესაძლებელი იყო, ყველა სანქცია დაუწესეს, პუტინს აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი.

მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს თუ რამ შესაძლებელი იყო, ყველა სანქცია დაუწესეს, პუტინს აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი

შესაძლოა, დამატებით კიდევ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, მაგრამ, რაც აქამდე იყო დაწესებული, ისინიც საკმაოდ მძიმე ტვირთია რუსეთის ეკონომიკისთვის. ამიტომ, რაც ამის შემდეგ შეიძლება დაუწესდეს რუსეთს, მათ მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება და სიტუაციას ვერ შეცვლის.

- თქვენი დაკირვებით რა რეაქცია ჰქონდა რუსულ საზოგადოებას ნავალნის გარდაცვალებაზე?

- ცხადია, რომ მომხდარის გამო გარკვეული საპროტესტო აქციები იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ხელისუფლება მათ იოლად გაუმკლავდება და ჩააქრობს, რომ საპროტესტო მუხტმა მასიური ხასიათი არ მიიღოს.

- გასაგებია, რომ ნავალნის დაკრძალვა მაქსიმალურად კონტროლირებადი იქნება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ, რამდენად დიდია იმის შანსი, ნავალნის დაკრძალვა მასიური საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს?

- არაა გამორიცხული ნავალნის დაკრძალვას გარკვეული საპროტესტო აქციებიც ახლდეს, მაგრამ, არა მჯერა რომ ნავალნის გამო აქციებს რუსეთში რევოლუციის გამოწვევა შეუძლია.

- თქვენი დაკვირვებით ნავალნის რუსეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და რეალურად წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის საფრთხეს?

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, სავარაუდოდ, ნავალნის რუსეთის მოსახლეობის 15% უჭერდა მხარს. დღეს რუსეთში არსებული ვითარების გამო 15%-იანი მხარდაჭერა არაფერზე არ მოქმედებს.

უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ამ რაოდენობის მხარდამჭერებს შეეძლოთ გარკვეული როლის შესრულება, მაგრამ, უკრაინაში რუსეთის ამგვარ დამარცხებამდე ძალიან შორია. გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი - ნავალნის გაქრობა რუსეთში მოახლოების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

- მალე 2 წელი შესრულდება რაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოების დამოკიდებულებაში ცვლილებები თუა მომხდარი?

- უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსეთის საზოგადოებაში ხელშესახებ ცვლილებებს ვერ ვხედავ. საკმაოდ ბევრი უჭერს მხარს ომს უკრაინაში, ასევე ბევრია, მაგრამ, გაცილებით ნაკლები, ვინ ომს უკრაინაში მხარს არ უჭერს.

ასევე არიან ისეთები, მათი რიცხვიც საკმაოდ დიდია, ვინც ამ პროცესებისადმი გულგრილობას ავლენს. თუ, რა თქმა უნდა, ეს მათ პირადად არ ეხება. მხედველობაში არ მყვანან ისინი, რომელთა ოჯახებიდანაც ვინმე მონაწილეობს ომში.

- მათი რაოდენობა ვინც უკრაინაში ომის წინააღმდეგია და მათი რიცხვი ვინც გულგრილობას ავლენს, სავარაუდოდ, რამდენია?

- გამიჭირდება ზუსტად თქმა, მაგრამ, შემიძლია იმის თქმა, რომ ვინც უკრაინაში ომის მიმართ გულგრილია და ვინც ომის წინააღმდეგია, რუსეთში გაცილებით მეტია,ვიდრე იმათი, ვინც ომს უკრაინაში მხარს უჭერს, მაგრამ, ეს არც არაფერსაც არ ნიშნავს.

ვინც უკრაინაში ომის მიმართ გულგრილია და ვინც ომის წინააღმდეგია, რუსეთში გაცილებით მეტია, ვიდრე იმათი, ვინც ომს უკრაინაში მხარს უჭერს, მაგრამ, ეს არც არაფერსაც არ ნიშნავს

- 16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების მორიგი კონფერენცია გაიხსნა. ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკული განცხადებებიც გაკეთდა.

რა გავლენას იქონიებს და კორექტივებს შეიტანს ნავალნის გარდაცვალება-გაქრობა და სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი „ვარსკვლავური ომისთვის“ ემზადება, მიუნხენის კონფერენციის შედეგებზე?

- ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, ნავალნის გარდაცვალება მიუნხენის კონფერენციის შემაჯამებელ განცხადებაზე არანაირი გავლენა არ ექნება. შესაძლოა, ნავალნის გარდაცვალებამ გავლენა მოახდინოს აშშ-ს კონგრესში უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტის მიღებაზე.

შესაძლოა, ნავალნის გარდაცვალებამ გავლენა მოახდინოს აშშ-ს კონგრესში უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტის მიღებაზე

- გასულ კვირას აქტიურად განიხილებოდა პუტინის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ კარლსონისთვის მიცემული ინტერვიუ.

ამ ინტერვიუში პუტინმა ღიად დაუჭირა მხარი ტრამპს აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ბევრი დამკვირვებლის მტიცებით, ტრამპის ამგვარი მხარდაჭერა პუტინისთვის ბოლო კოზირი იყო. თუმცა, ბევრი თვლის, რომ სულ პირიქით გამოვიდა...

- სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ რუსი ჟურნალისტისთვის პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინისთვის „ტრამპი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ბაიდენი“.

ცხადია, რომ პუტინს ფსონი ტრამპზე აქვს გაკეთებული. შესაძლოა, ეს პუტინის მხრიდან შეცდომა იყოს, რადგან არავინ, მათ შორის არც მე არ ვიცი, თუ რას გააკეთებს ტრამპი თუ ის აშშ-ს პრეზიდენტი მეორეჯერ გახდა. ახლა არავის არ ეპარება ეჭვი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი მხარს ტრამპს უჭერს.

ახლა არავის არ ეპარება ეჭვი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი მხარს ტრამპს უჭერს

რაც შეეხება იმას, რომ პუტინის აქვს ნათქვამი, რომ მას ტრამპს ბაიდენი ურჩევნია. 1944 წელს, როცა რუზველტი ისევ მონაწილეობდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, სტალინმა რუზვეტს შესთავაზა, რომ ამერიკელი კომუნისტები მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ.

რაზეც რუზველტმა უპასუხა - არავითარ შემთხვევაში, პირიქით, საჭიროა, რომ მე მათ მაკრიტიკონ. სტალინი რუზველტს ამ სურვილის შესრულებას დაჰპირდა. შესაბამისად, ამერიკელმა კომუნისტებმა, რომელთაც აშშ-ში უმცირესი მხარდაჭერა ჰქონდათ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრი აკრიტიკეს რუზველტი.

- ეს შემთხვევა რის გამო გაიხსენეთ?

- იმის გამო, რომ ახლა პუტინისთვის მომგებიანია ამერიკის საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა, რომ მისთვის ტრამპზე უფრო კარგი პარტნიორი ბაიდენია.

პუტინი ამას იმის გამო აკეთებს, რომ ამერიკელებმა ტრამპი კრემლის პარტნიორად არ აღიქვან.

- თუ ისევ პუტინ-კარლსონის ინტერვიუს დავუბრუნდები, ძნელად მოსასმენი იყო, მაგრამ, მაინც შევძელი მოსმენა.

არა მგონია ამერიკელი ამომრჩეველი ვერ მიმხვდარიყო პუტინი ვის მხარესაა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სულ ტყუილად იწვალა კარლსონმაც და ტრამპმაც, სულ პირიქით კი გამოვიდა...

- ბაიდენი მირჩევნია ტრამპსო, პუტინმა რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვა. კარლსონთან პუტინისთვის არ მისმენია. ამ თემაზე მე მხოლოდ კომენტარების საშუალებით შემიძლია ვიმსჯელო.

კარლსონ-პუტინის ინტერვიუს რუსეთშიც კი უმდაბლესი რეიტინგი ჰქონდა. ამიტომ, არა მგონია ამ ინტერვიუს პუტინისთვის სასარგებლოდ ემოქმედა ამერიკელ პუბლიკაზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო