გერმანიამ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა, რუსეთის ხელისუფლებას კი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ნავალნის და სხვა რუსი ოპოზიციონერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ისევე როგორც პატიმრობის არაადამიანური პირობები აჩვენებს, როგორ სასტიკად მოქმედებს რუსული მართლმსაჯულება განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოკისმომგვრელი უწოდა რუსეთში იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც გარდაცვლილი პოლიტიკოსის ხსოვნის მიმართ პატივისცემას ყვავილებით გამოხატავენ.

თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, სრულიად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებები, ასევე ცხედარი მის ახლობლებს გადასცეს, რათა უზრუნველყონ ტრაგედიის მიზეზების დამოუკიდებელი გამოძიება.

ჰებესტრეიტის თქმით, ნავალნის სიკვდილი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არანაირ პატივს არ სცემს ადამიანის სიცოცხლეს, რასაც ის ასევე ყოველდღიურად ავლენს უკრაინაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება