ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ტაქსით გადაყვანის ნებართვის საფასურს თავად მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს და ის დიფერენცირებული იქნება როგორც ნებართვის მსურველის, ასევე მუნიციპალიტეტების მიხედვით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ტაქსით გადაყვანის ნებართვის საფასურს თავად მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს და ის დიფერენცირებული იქნება როგორც ნებართვის მსურველის, ასევე მუნიციპალიტეტების მიხედვით. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური მდგომარეობა ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირი არ არის, ამიტომ მუნიციპალიტეტებს დარჩათ თავისუფლება ნებართვის საფასური დაადგინონ თვითონ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კრიტერიუმები იქნება დარეგულირებული კანონქვემდებარე აქტებით.

„ეს კრიტერიუმები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შეიძლება იყოს ვთქვათ მაღალმთიანობის ფაქტორი, შეიძლება იყოს ვთქვათ, მრავალშვილიანობის, სოციალური დახმარების პაკეტის ფაქტორი და ა.შ. მთავრობა იმსჯელებს და კრიტერიუმების ნაწილს უკარნახებს მუნიციპალიტეტებს, შემდეგ მათ ექნებათ უფლება განსაზღვრონ (ფასი). ერთი და იმავე მუნიციპალიტეტში ტაქსის ნებართვა შეიძლება იყოს თეორიულად ვამბობ - 1- ლარიანიც და 30 - ლარიანიც, იმის მიხედვით, თუ როგორი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანი მიმართავს ნებართვისთვის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა გურამიშვილმა.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შესაძლებელია განისაზღვროს ფერიც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, რაც სავარაუდოდ კანონქვემდებარე აქტში გაიწერება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია გარკვეული პრინციპების ასახვა და ამაზე საჭიროა შეთანხმება.

„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება, რომ უმჯობესია მეტი კრიტერიუმი იყოს ასახული (კანონმდებლობაში) იგივე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მეშვეობით მოსაწესრიგებლად. მთლად ღიად არ გამოვა ეს საკითხი, რადგან სენსიტიურია სფერო, ბევრ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს, ფასწარმოქმნაზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. საუბარია არა დეტალების გაწერაზე, არამედ პრინციპების დონეზე. მუნიციპალიტეტები როცა განსაზღვრავენ (ნებართვის ფასებს) იქ რაღაც დიაპაზონი უნდა იყოს განსაზღვრული, რომლის ფარგლებშიც ექნებათ მოძრაობის შესაძლებლობა, მაგრამ არა სრული თავისუფლება. ჩვენ ვერ ვიტყვით კონკრეტულ რიცხვებს, მაგრამ ამაზე რაღაც ინფორმაცია უნდა იყოს,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება.

პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.

აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება. ნებართვის მოქმედების ვადებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

იგეგმება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო