ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ

მოლოდინები და გულისწყვეტა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, ისევე როგორც მოლოდინები და კმაყოფილება. მაგალითად, თუ მაღალი მოლოდინები გაქვთ კარიერასთან, ადამიანებთან და თუნდაც ფილმთან დაკავშირებით, რისკი იმისა, რომ გულისწყვეტა განიცადოთ, დიდია. რაც უფრო მაღალი მოლოდინები გაქვთ, მით უფრო დიდია სხვაობა რეალობასა და მოლოდინებს შორის.

მცდარი მოლოდინების შესახებ საინტერესო მსჯელობას გთავაზობთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც საკუთარ უფასო საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე სხვა არაერთ ვიდეოსაც გიზიარებთ. FlowMaster.online გთავაზობთ შემეცნებით ვიდეოებს პირადი და პროფესიული განვითარებისთვის. FlowMaster.online-ის ტრენერები მოგაწვდიან მეტ ინფორმაციას ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა: ლიდერობა, კარიერა, წარმატება, პროდუქტიულობა და სტრესი, ონლაინ კომუნიკაციების საშუალებები, PMP სერტიფიცირება და სხვა.

ამჯერად ალექსანდრე ჯეჯელავა მოგიყვებით 8 ყველაზე გავრცელებულ მოლოდინზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადამიანების იმედგაცრუების მიზეზი ხდება:

მოლოდინი #1 - ცხოვრება უნდა იყოს სამართლიანი

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ცხოვრება უნდა იყოს სამართლიანი და ყველამ უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. რეალურად ასე არ ხდება, ცხოვრება სხვანაირად არის მოწყობილი. რაც უფრო მალე დავეშვებით მიწაზე და რაც უფრო მალე დავიჯერებთ, რომ დამსახურება ყოველთვის არ შეესაბამება შედეგს, უკეთესი იქნება.

მოლოდინი #2 – შესაძლებლობები ციდან ეცემა

ხშირად ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ შესაძლებლობები თავზე დაეცემათ ციდან, იქნება ეს ბიზნეს შესაძლებლობა თუ ლატარიაში გამარჯვება. ანუ მიაჩნიათ, რომ თუ სწორ ადგილას სწორ დროს მოხვდებიან, ეს სრულიად საკმარისია წარმატების მისაღწევად. რეალობა კი სხვაგვარია. მაშინაც კი, როდესაც სწორ ადგილას სწორ დროს აღმოჩნდებით, მოგიწევთ ბრძოლა იმ შესაძლებლობის მისაღებად, რაც გამოჩნდა. თუ არასწორ მოლოდინს შეიქმნით, თქვენ გულდაწყვეტილი დარჩებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემულს შესაძლებლობას გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში თქვენ იფიქრებთ, რომ კი გამოიყენეთ შესაძლებლობა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ლანგრით უნდა მოერთმიათ თქვენთვის.

მოლოდინი #3 - ყველას უნდა მოსწონდეთ

ფიქრი იმისა, რომ ყველას უნდა მოსწონდეთ, იქნება ეს თანამშრომელი, უფროსი, კლიენტი, მომწოდებელი თუ უბრალოდ, ნაცნობები, არასწორია. პასუხი არის მარტივი - ადამიანების გემოვნება განსხვავებულია, ზოგს კონკრეტული ადამიანი მოსწონს, ზოგს - არა. ის, რომ თქვენ კარგი ხართ და ამას სხვებიც ადასტურებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა მოსწონდეთ.

მოლოდინი #4 - ადამიანები აუცილებლად უნდა გეთანხმებოდნენ

ადამიანებს ხშირად უკვირთ - თუ დასაბუთებულად ლაპარაკობენ, სხვები რატომ არ ეთანხმებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი სიმართლე არ არსებობს, ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები, გამოცდილება და ფასეულობების სისტემა აქვთ. ამიტომ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ აუცილებლად დაგეთანხმებიან. პირიქით, უთანხმოება და განსხვავებული აზრი მუშაობის და მსჯელობის თანმდევი პროცესია. თქვენ უნდა გქონდეთ მოლოდინი და მოთხოვნაც, რომ პატივი სცენ თქვენს მოსაზრებას.

მოლოდინი #5 - ხალხი ხვდება, რისი თქმა გვინდა

ადამიანებმა იციან, რას გრძნობენ, რა განწყობით ამბობენ სათქმელს და ხშირად ჰგონიათ, რომ ამას სხვებიც უსიტყვოდ მიხვდებიან. ხშირად მსგავსი მოლოდინი გაუგებრობისა და კონფლიქტის მიზეზიც კი ხდება. დაიმახსოვრეთ, სხვებს თავისთავად არ ესმით თქვენი. თუ ეს მოლოდინი გექნებათ, იცოდეთ, რომ ხშირად მოგიწევთ ახსნა-განმარტებების გაკეთება და თავის გამართლებაც კი.

მოლოდინი #6 - ნეგატიური დამოკიდებულება, რომ რაღაც არ გამოგივათ

ყოველდღიურად გაიგებთ გარშემომყოფებისგან ფრაზებს - ბიზნესს მე ვერ გავაკეთებ, გაყიდვები მე არ გამომივა, უფროსს მე ვერ შევაცვლევინებ თავის მიდგომებს და შეხედულებებს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც გამოგივათ, ან არ გამოგივათ, ორივე შემთხვევაში მართალი ბრძანდებით. განწყობა უდიდეს როლს თამაშობს თქვენს ქმედებებსა და შედეგებზე. ადამიანს, რომელიც თავს შუეძახებს, რომ რაღაც არ გამოუვა, დიდი ალბათობით არც გამოუვა.

მოლოდინი #7 - ნივთებს მოაქვს ბედნიერება

მოლოდინი, რომ ნივთები მოგიტანთ ბედნიერებას, ძალიან დიდი შეცდომაა. თუ მატერიალური კეთილდღეობისთვის იბრძოლებთ და ჩათვლით, რომ კონკრეტული ტელეფონის, მანქანის თუ სხვა ნივთის შეძენა მოგიტანთ ბედნიერებას, გარკვეული დროის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით. შუახნის ასაკში კი მიხვდებით, რომ არასწორი „ბედნიერების“ ძიებაში რეალური ბედნიერება ვერ მოიპოვეთ.

მოლოდინი #8 - თქვენ შეძლებთ ადამიანის შეცვლას

ხშირია მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ადამიანს, იქნება ეს მეუღლე, მეგობარი თუ ბიზნესპარტნიორი, შეცვლით. რეალურად, კი თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ადამიანი. ხშირად ეს მოლოდინი ურთიერთობების დანგრევის მიზეზიც კი ხდება. ერთადერთი, ვისი შეცვლაც შეგიძლიათ, არის საკუთარი თავი. წამოიდგინეთ, თქვენ არ გინდათ თქვენს თავში რამის შეცვლა და სხვა ადამიანი თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მუდმივად ცდილობს თქვენს შეცვლას. რა თქმა უნდა, ეს მცდელობა კრახით დასრულდება და შესაძლოა, ურთიერთობაც ასევე დასრულდეს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო