პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.

„ყურადღება გამახვილდა გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად.

პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და ევროკომისარს მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე.

ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს