კახა კალაძე - გაიზრდება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა - დედაქალაქის მასშტაბით მობილური ვეტკლინიკა იმოძრავებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების მიზნით, კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტ-ოპერაციული სივრცით მოეწყობა.

„ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული შინაური ცხოველების, ძაღლებისა და კატების რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს. დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრა დაგეგმილია ჰუმანური და ეფექტური გზებით. კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტ-ოპერაციული სივრცით მოეწყობა.

შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება.

ასევე, სააგენტომ უკვე შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მობილური ვეტკლინიკა იმოძრავებს დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე და ბინადრობის არეალშივე გაასტერილებს ცხოველებს.

მიმდინარე წელს ასევე იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია-განახლება. მოხდება ცხოველების შიდა და გარე ვოლიერების განახლება, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკის განახლება და მათი აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებებზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების მოწესრიგება იმიტომ, რომ უდიდესი პრობლემა არის ყველანაირი თვალსაზრისით, ქალაქში გამოგდებული უპატრონო ცხოველები ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს და ასევე, ადამიანებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დედაქალაქში მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“,-განაცხადა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა