9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დახურული ფორმატი, რომელიც პარლამენტში მოქმედებს, კონცენტრირებულია მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში ძალიან წვრილ და უმნიშვნელო საკითხებზე -მთავარ საკითხებს არ შეიცავს, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე გამართული სამუშაო შეხვედრები არ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, კეთილსინდისიერების შემოწმება და ასე შემდეგ.
“ჩვენ კონკრეტული ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, მათ შორის, ასევე ვმუშაობთ დამატებით დეტალურ რეკომენდაციაზე, რომელიც კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხს დაეთმობა. ამის წარდგენის შესაძლებლობა რომ არ გვეძლევა სამუშაო ფორმატში, ძალიან ცუდია. როგორც გაირკვა, ეს ფორმატი, ძირეული საკითხებს არ მოიცავს, მოიცავს ძალიან უმნიშვნელო საკითხებს. ეს ფორმატი, რომელიც პარლამენტმა შექმნა არასრულია, ვერ მიიყვანს საქართველოს ამ ნაბიჯის შესრულებამდე. ის საკითხები, რასაც სამუშაო ჯგუფი ფარავს, ვერ გამოიწვევს სისტემურ რეფორმას. თუ ამით შემოიფარგლება პარლამენტი, არ იქნება ამ რეკომენდაციის შესრულება“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს, ქურდოვანიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რეპუტაციული ზიანი მიაყენონ არასამთავრობო სექტორს.
„უცნაურია მათი შეფასებები. ეს არის გაგრძელება იმ თავდასხმებისა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გვესმის, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ცდილობენ, საფრთხე შეექმნას სანდოობას, რომელიც არასამთავრობო სექტორს აქვს.
ყველანაირად ცდილობენ რეპუტაციული ზიანი მიაყენონ არასამთავრობო სექტორს. ჩვენ მათ ვთავაზობდით თანამშრომლობით ფორმატში ჩვენს ჩართულობას, რაც არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი. ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ ყველა რეფორმაზე მსჯელობა ჩართულობითი პროცესი იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ რაც შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“, ეს იყო მხოლოდ ხელშეწყობისთვის, რათა საქართველოს წინ გადაედგა ნაბიჯი ევროკავშირში დაახლოების პროცესში. ამ ეტაპზე უარი მივიღეთ, თუმცა ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, ის თუ რაღაც ფორმატში არ ვართ ჩართულები, არ ნიშნავს, რომ ამ პროცესზე მუშაობას ვწყვეტთ“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.
გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ გასცა, შესრულებული არ არის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ეს ცვლილებები არ შეესაბამება ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ გასცა, არ არის შესრულებული. კითხვის ნიშნის ქვეშ არის, საერთოდ, რა აზრი ჰქონდა კანონპროექტის გაგზავნას ვენეციის კომისიაში, თუ არცერთ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებდნენ. სანდოობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ისედაც დაბალია, ამ ტიპის გადაწყვეტილება, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გახდეს საფრთხე იმისა, რომ ადმინისტრაციის მიმართ დაბალი ნდობა იყოს. დაბალი ნდობის პირობებში მაღალი რისკია, რომ საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში არ იქნება საზოგადოებაში ნდობა“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.