ჩვენ გვაქვს შეხვედრები ნატო-ს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომლებიც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ნატო-ს მხრიდან აქვს და ასევე, მიგვითითებს იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს.
„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც ნატოსთან გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს კომისია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ ნატოს რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა.
„დეტალებთან მიმართებით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელიც თან საიუბილეოა. ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც საქართველოსა და ნატოს აქვთ, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.