„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე შესაძლებელია პენსიის 200-ლარით გაზრდა, ხოლო 4-წლის ვადაში, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, შესაძლებელია პენსიის 1000-ლარამდე გაზრდა.
როგორც ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირების - პენსიის 1000- ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა, ეს არ არის პიარული თემა, დაპირება რეალისტურია და დეტალურად არის დათვლილი.
„ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირება, პენსიის 1000- ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანია. ეს არ არის პიარული თემა. ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ის საკითხი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს და ჩვენ თავი მიგვაჩნია პოლიტიკურ ძალად, რომელიც ქართველი ხალხის სამსახურშია, ოღონდ, ეს არ არის ერთადერთი იდეა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნაზე.
ის, რომ 1000-ლარიანი პენსია რეალისტურია, ნამდვილად ასეა. დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ დაუყოვნებლივ შესაძლებელია პენსიის გაზრდა 200-ლარით. ანუ ხელისუფლების ცვლილების მომენტშივე, რადგან ძალიან ბევრი გაზრდილი ადმინისტრაციული, კორუფციული ხარჯებია ჩვენ ბიუჯეტში, ამის ოპტიმიზაცია შესაძლებელია. ასევე 4-წლის ვადაში, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, შესაძლებელია ჩვენი საბიუჯეტო შემოსავლები გაორმაგდეს და ამან მოგვცეს შესაძლებლობა პენსიის 1000-ლარამდე გაზრდის. ეს არის რეალისტური და დეტალურად დათვლილი. შეიძლება ამას, ვიღაც პოპულიზმს უწოდებდეს, მაგრამ ერთადერთს, რასაც ვისმენ არის მხოლოდ „ლელოს“ გეგმაზე თავდასხმა, ვის რა გეგმა აქვს პენსიებთან დაკავშირებით, ეს ჯერ არ მოგვისმენია, მათ შორის იმ ხალხისგან, რომლებიც ადრე გვაკრიტიკებდნენ და ახლა წელში გასწორდნენ და დაიწყეს 1000-ლარიან პენსიაზე გალობა. ვგულისხმობ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ოპოზიციაშიც“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
მისივე თქმით, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას „ლელო“ არ აპირებს გადასახადების გაზრდით.
მისვე განმარტებით, დღეს საქართველოს ბიუჯეტში ძალიან ბევრი გაზრდილი ადმინისტრაციული და კორუფციული ხარჯებია, რისი ოპტიმიზაცია შესაძლებელია.
“ჩვენ არ მოვიაზრებთ გადასახადების გაზრდას. ის, რომ ჩვენ გვჭირდება 9%-იანი ეკონომიკური ზრდა და საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება, არ გულისხმობს იმას, რომ გადასახადების გაორმაგება უნდა მოხდეს. არ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას, თუ არ ჩავთვლით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, სადაც შეიძლება მოსაკრებლის გაზრდა. ბიზნესის ამ სექტორში გადასახადების დაბეგვრის პირობებში შესაძლებელია სოლიდური თანხის მიღება“,- განაცხადა ბუაძემ.