რა არის საჭირო იმისთვის, რომ 2030 წელს “სხვებზე უფრო მეტად მზად” შევხვდეთ - პრემიერის პროგნოზი და ანალიტიკოსთა შეფასებები
რატომ შეგვაქო ბჟანიამ - პოზიტიური სიგნალი სოხუმიდან, თუ მოსკოვის პიარ კამპანიის ნაწილი
სად დაიწყო რუსების მთავარი ძალების კონცენტრაცია - ავდეევკის დაცემის შემდეგ, მასშტაბური შეტევა ხუთი მიმართულებითაა მოსალოდნელი
* * *
რა არის საჭირო იმისთვის, რომ 2030 წელს “სხვებზე უფრო მეტად მზად” შევხვდეთ - პრემიერის პროგნოზი და ანალიტიკოსთა შეფასებები
“ბრიუსელში მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის “ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად” იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ევროკომისარი ოლივერ ფარჰეი კი ფიქრობს, რომ ეს არის “ორმხრივი გზა” და თუკი საქართველო მართლაც მზად იქნება წევრობისათვის, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს მის მისაღებად. რამდენად რეალისტურია ახალი პრემიერის პროგნოზი და რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში? ამ მხრივ ანალიტიკოსთა შეფასებები არაერთგვაროვანია. მათი შეფასებით, ერთის მხრივ საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება 2030 წელს, მითუმეტეს დღეს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე. მეორეს მხრივ კი მიიჩნევენ, რომ ბევრი რამ შესაძლოა არა საქართველოზე, არამედ უშუალოდ ევროკავშირზე და მის ინტერესებზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის საჭირო იმისთვის, რომ 2030 წელს “სხვებზე უფრო მეტად მზად” შევხვდეთ - პრემიერის პროგნოზი და ანალიტიკოსთა შეფასებები.
“განცხადება 2030 წლისთვის საქართველოს მზაობის შესახებ საქართველოს პრემიერმა სამშაბათს ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა. “გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები. მათ შორის, ორმხრივი შეხვედრები... ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ, როგორც ასოცირების დღის წესრიგის, ასევე 9 პუნქტის ფარგლებში... ყველა თემასთან დაკავშირებით არის თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი... ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები, 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი”, - განაცხადა კობახიძემ. თავის მხრივ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა რომ, „თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის”. მისი თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობისთვის და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ კავშირის წევრობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ცხადია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვდებთ წევრი ქვეყნების განკარგულებაში, მაგრამ ასევე კანდიდატი ქვეყნების განკარგულებაში, რათა საკუთარი თავი მოამზადონ, თუ ეს იქნება 2030 წლისთვის, მაშინ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ ეს იქნება ადრე, მაშინ მოემზადონ უფრო ადრეული პერიოდისთვის. ცალსახაა ის პირობები, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეს პირობები შესრულდება. თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, თუ არის მიწოდება კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს საპასუხო მიწოდებაც ევროკავშირის მხრიდან”, - განაცხადა ვარჰეიმ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზაობაზე წინასწარ განცხადებას ჩვეულებრივ პიარ-სვლად მიიჩნევს. თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ასეთ რამეებს მიჩვეულია კომუნისტური დროიდან მოყოლებული. საქმე ისაა, ხვალ რა იქნება, თორემ 2030 წლისთვის კი, ბატონო, მზად კი არ ვიქნებით, ევროკავშირში შევალთ. 2030 წლის პროგნოზი რა პრობლემაა... აი, ეს არის წმინდა პიარი. რაც მე გავიხსენე, ჩემს თაობას ხრუშშოვი კომუნიზმს ჰპირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ასე რომ, ხუთი და ათი წლის შემდეგ რა იქნება, მაგაზე კომენტარის გაკეთება არ ვიცი რამდენად სერიოზულია. მით უმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ხელისუფლების პირობებში ზოგადად. ამიტომ კობახიძეს ის ვთხოვოთ, ხვალ რა იქნება ის გვითხრას და 2030 წლისთვის რაც იქნება, მერე ვნახავთ. დღევანდელი არსებული ვითარება არანაირ დამაიდებელ პროგნოზს არ გვაძლევს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ რაღაცისთვის მზად ვიქნებით. 2030 წლისთვის, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ არ ვიცით სად ვიქნებით. ევროკავშირში რომ არ ვიქნებით, ეს ნაღდია და სად ვიქნებით, არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“2030 წლის რეალისტურობა დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, რომელმაც რეფორმები უნდა გაატაროს. ეს კომპლექსური პრობლემებია. დემოკრატიის პრობლემები ცალკეა, ხალხი რომ საზღვარგარეთ გარბის და აქ სამსახურს ვერ პოულობს შესაბამისი ანაზღაურებით - ეს ცალკე პრობლემაა. აი, ეს უნდა გამოსწორდეს და უნდა ჩამოვყალიბდეთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ჯერ ჩვენ გვაქვს საბჭოური ტიპის სახელმწიფო, როცა ამ საბჭოური ტიპიდან გადავალთ ევროპულ სტანდარტებზე, მაშინ კი, ბატონო, ოღონდ ამისკენ მსვლელობას მე ვერ ვხედავ”, - დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გადამწყვეტი იქნება არა იმდენად საქართველოს მიერ რაღაც პირობების შესრულება და მისი მზაობა, არამედ თავად ევროკავშირის ინტერესები და თუკი ევროკავშირში ჩათვლიან, რომ საქართველოს გაწევრიანება მათთვის მომგებიანი იქნება, მაშინ ასეც მოხდება”, - დასძენს გამოცემა.
“კობახიძის ნათქვამი გულისხმობს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” მიაჩნია, რომ მზად იქნება. მაგრამ “ქართული ოცნება” რომ მზად იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება წევრი? რამდენი ხანია მზად არის თურქეთი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი გახდა წევრი? ეს იმიტომ, რომ ბევრ რამეზეა წევრობა დამოკიდებული გარდა იმისა, რომ შესრულებული იყოს რაღაც მოთხოვნები. ევროკავშირმა უნდა მიგიღოს, ხომ? ისმის კითხვა - შენ გინდა ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირს უნდა შენი მიღება? და რისთვის უნდა უნდოდეს? მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ კანდიდატობა მოგვანიჭეს არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული პირობები შევასრულეთ და საშინაო დავალება შევასრულეთ კარგად, მე ვთვლი, რომ გადამწყვეტი იყო ჩინეთთან ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა, რადგან ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება დაგეგმილია განხორციელდეს კავკასიის გავლით. ამიტომ დაინტერესდა უფრო მეტად ევროკავშირი, რომ მიეღოთ საქართველო, როგორც საკვანძო ქვეყანა კავკასიაში. ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ანალოგიური ინტერესი თუ გაჩნდება მომავალში, უფრო ინტენსიურად წავა გაწევრიანება, არ გაჩნდება ინტერესი და გაწევრიანება უფრო გაჯანჯლდება. რატომ არ უნდა ევროკავშირს რომ მიგვიღოს? რისი მიმცემი ვართ ევროკავშირისთვის? ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები. რატომ უნდა უნდოდეს ამ პრობლემების საკუთარ კისერზე აკიდება?” - ამბობს საყვარელიძე.
რატომ შეგვაქო ბჟანიამ - პოზიტიური სიგნალი სოხუმიდან, თუ მოსკოვის პიარ კამპანიის ნაწილი
“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ტასს”-თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაზე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა და “პოლიტიკური სიმწიფისათვის” შეაქო კიდეც. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვიდან კოორდინირებული ერთგვარი პიარ კამპანიის ნაწილია. ბჟანია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაგმატულ მიდგომას იჩენს და სწორ ნაბიჯს დგამს, როდესაც არ მონაწილეობს “რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებში”. ზაქარეიშვილის აზრით, ასლან ბჟანიას განცხადება არ ნიშნავს რაიმე სახის სიგნალს საქართველოს მიმართულებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ შეგვაქო ბჟანიამ - პოზიტიური სიგნალი სოხუმიდან, თუ მოსკოვის პიარ კამპანიის ნაწილი.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მათ შორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება. ჩვენ ჩვენი მომავალი უკვე გადავწყვიტეთ. საქართველოს ხელმძღვანელობას არსებული რეალობის აღიარება მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალს ვამბობ, მაგრამ ომის შედეგ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ომამდეა ხოლმე. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ქართველ ლიდერებს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ალბათ, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა იყო”, - თქვა ბჟანიამ. ზაქარეიშვილის აზრით, ბჯანიას განცხადება შესაძლოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბჟანიას განცხადება არ ნიშნავს რაიმე სახის სიგნალს საქართველოს მიმართულებით, ეს არის ერთიანი პროპაგანდის ნაწილი, რომელშიც ჩართულია მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი. ეს განცხადებები საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შექმნან განცდა, თითქოს ყველაფერი კარგადაა, ვითომ საქართველოს მთავრობა თავიდან იცილებს ომს. რეალურად კი საქართველო არ დგას ომის საშიშროების წინაშე. ეს წამოსულია ერთი წყაროდან - მოსკოვიდან და ამას იმეორებენ თბილისში, სოხუმში და ცხინვალში.. ეს განცხადება შესაძლოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშრდებოდეს. ეს არის პროპაგანდისტული პროექტი. ვფიქრობ, ეს კამპანია მიმართულია „ქართული ოცნების" ამომრჩევლებზე და მსგავსი განცხადებებით ხალხს უჩენენ განცდას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
სად დაიწყო რუსების მთავარი ძალების კონცენტრაცია - ავდეევკის დაცემის შემდეგ, მასშტაბური შეტევა ხუთი მიმართულებითაა მოსალოდნელი
“ავდეევკის აღების მერე, რუსეთი დროის მოგებას და სხვადასხვა მიმართულებით შეტევას ცდილობს, ოკუპანტებმა განსაკუთრებით გაზარდეს აქტივობა ზაპოროჟიეს მხარეს, აქტიური ბრძოლები რაბოტინოსთან მიდის. ასევე რთულია სიტუაცია ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც უკრაინელები კონტრშეტევის დროს პლაცდარმის შექმნას ცდილობდნენ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრინკის დასახლების “გაწმენდის” შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რასაც უკრაინა უარყოფს. რაც შეეხება ავდეევკის მიმდებარე ტერიტორიას, სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ქალაქის აღების შემდეგ რუსები შეტევის გაგრძელებას შეეცადნენ, თუმცა უკრაინელებმა ამ მიმართულებით ფორსირებული თავდაცვის ზღუდე შექმნეს და ასე თუ ისე, რუსების შეტევა ამ მიმართულებაზე შენელდა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ავდეევკაში პოზიციების დატოვება უკრაინის ჯარებს კონგრესის უმოქმედობამ აიძულა და ეს გადაწყვეტილება არ არის განპირობებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობის, სამხედრო ბრძანების ან საბრძოლო უნარების ნაკლებობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სად დაიწყო რუსების მთავარი ძალების კონცენტრაცია - ავდეევკის დაცემის შემდეგ, მასშტაბური შეტევა ხუთი მიმართულებითაა მოსალოდნელი.
“ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინა აქტიურ თავდაცვაში იქნება, რუსეთის ამ ზეწოლას გაუძლებს იქამდე, სანამ კონგრესი დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდება. “ტელეგრამზე” სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთს ამჟამად მინიმუმ ხუთი მიმართულებით აქვს შეტევის გაგრძელების საშუალება. ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ახლა იმის რესურსი არ აქვს, რომ ამ რაოდენობის შეტევა ერთდროულად აწარმოოს, მაქსიმუმ ორია მოსალოდნელი. უკრაინული არმიის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას კრინკის დასახლების “გაწმენდის” შესახებ. მათიინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი კი წერს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას. “ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ - ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო”, - წერს ინსტიტუტი. გენერალი ვახტანგ კაპანაძე თვლის, რომ რუსეთი იმ ე.წ. ჯიბეების შევსებას შეეცდება, რაც უკრაინელებმა შეტევის დროს დაიბრუნეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთი იმ `ჯიბეების~ გასწორებას შეეცდება, რომელიც მის თავდაცვაში უკრაინამ კონტრშეტევის დროს შექმნა. ალბათ ეს ზაპოროჟიეს ოლქში რაბოტინოსა და ლუგანსკში კრემენნაია-ლისიჩანსკის მიმართულება იქნება. კონტრშეტევის დროს უკრაინელები რაბოტინოსთან რუსების თავდაცვის სიღრმეში შევიდნენ და ამის უკან დაბრულებას შეეცდებიან, ასევე ხარკოვის რაიონში ლიმანის მიმართულებაზე. კრინკზე მონაცემები არ მაქვს. ეს იყო პლაცდარმი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ უკრაინელები კონტრშეტევის დროს. მე რომ მკითხო, ვინაიდან უკრაინა თავდაცვაზე გადადის, ახლა პლაცდარმის შენარჩუნება აზრს მოკლებული იყო. როცა მდინარის ფორსირება არ იგეგმება, მაშინ ეს პლაცდარმი უკრაინელებისთვის სასაკლაო იქნებოდა. ლოგიკურად, უკრაინას იქიდან ჯარები უნდა გაეყვანა. ავდეევკის დასავლეთით უკრაინელებმა ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად შეძლეს ფორსირებული თავდაცვითი ზღუდე გაეკეთებინათ. რუსები ავდეევკას აღების შემდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდნენ, ადგილზე არ გაჩერდებოდნენ და ეცდებოდნენ, რომ წარმატება განევითარებინათ. არაა გამორიცხული, რომ შეტევის გაგრძელება მოინდომეს, ამ თავდაცვით ზღუდეს წააწყდნენ და ბრძოლა მიდის, მაგრამ რამდენად შეძლებენ წარმატებას, ეს სხვა თემაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აქტიურ შეტევას ვერ შეძლებს. “ზაპოროჟიესთან კონცენტრაცია რომაა, ფაქტია. არ მგონია რუსეთმა ერთდროულად ბევრი მიმართულებით შეუტიოს, თუმცა ბრძოლას ყველა მიმართულებით გააგრძელებს და ძირითად ძალისხმევას ერთ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე გადაიტანს. ეს ალბათ ზაპოროჟიეში იქნება რაბოტინოსთან. რუსებისთვის სამხრეთი მტკივნეული წერტილია და ასევე უნდა ველოდოთ, რომ დნეპრის მეორე სანაპიროდან უკრაინელების პლაცდარმი შეავიწროვონ. დანარჩენ ადგილებზე, სადაც ბრძოლებია, ისევ გაგრძელდება. უკრაინელებმა ავდეევკასთან სერიოზული თავდაცვის ხაზი შექმნეს, ამიტომ იქ რუსებს რაიმე წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე, რომლის ინფორმაციით ”კრინკი არ დაცემულა, რუსებისთვის ესეც სერიოზული თავის ტკივილი იქნება და ისინი აქაც შეეცდებიან შეტევას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ავდეევკის დაცემაზე საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა - “ეს მოხდა კონგრესის უმოქმედობის გამო. ჩვენ გავაფრთხილეთ კონგრესი, რომ თუ ის არ იმოქმედებდა, უკრაინა ბრძოლის ველზე დაზარალდებოდა და ასეც მოხდა”. კირბის თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება ავდეევკიდან ჯარების გაყვანის თაობაზე “გონივრულია”, რადგან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ომში ღირებულია უკრაინამ შეინარჩუნოს ადამიანური რესურსები. როგორც კირბიმ აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ შეძლო რუსეთის თავდასხმების შეკავება რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე არ ამოიწურა საბრძოლო მასალა. განსაკუთრებით საარტილერიო ტიპის საბრძოლო მასალაა საჭირო, რათა რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიონ უკრაინის თავდაცვით ხაზებს და ვერ დაიპყრონ ეს პოზიციები", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ვახტანგ კაპანაძის აზრით, თავდაცვაში მყოფი უკრაინა რუსეთის ზეწოლას, სავარაუდოდ, გაუძლებს”, - დასძენს გამოცემა.
“ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ თავდაცვაში მყოფი უკრაინა ამას გაუძლებს. ახლა საუბარია მცირე ე.წ. ჯიბეებზე, რომელიც ტაქტიკური თვალსაზრისითაა საინტერესო და არა ოპერატიულ-სტრატეგიულით, უკრაინას ამის საშუალება აქვს, რომ რუსებს გაუძლოს. რუსებმა 30-ათასიანი მოსახლეობის მქონე დასახლებული პუნქტის აღებას 7 თვე მოანდომეს და თუ წინ წაწევას ამ ტემპებით აპირებენ, ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ. რუსებმა მომენტი გამოიყენეს, ომში ამას ყველა გამოიყენებდა. ე.წ. ჭურვების შიმშილის პერიოდში, რაც უკრაინას გაუჩნდა, რუსებმა მაქსიმალური საცეცხლე უპირატესობის მოპოვება შეძლეს და ეს ავდეევკაზე აისახა. თუმცა საკითხავია, რუსეთი რამდენად შეძლებს, რომ თავისი წარმატება განავითაროს”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეც აღნიშნავს, რომ უკრაინა ზეწოლას გაუძლებს, თუმცა დასავლური დახმარების გარეშე, განსაკუთრებით კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თვალსაზრისით, სამოქალაქო მსხვერპლი გაიზრდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“ამ ყველაფერს თავდაცვაში მყოფი უკრაინა უფრო გაუძლებს, თუმცა დასავლური დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დასაცავად. დასავლური დახმარების გარეშე სამოქალაქო მსხვერპლი ძალიან გაიზრდება და ამის რისკი არსებობს. ძალიან მიჭირს იმის თქმა, თუ რა ხდება აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში. რამდენიმე ინდიკატორი იყო, რომ ნაბიჯები უნდა გადაედგათ და ახლაც თუ არ დაამტკიცებს კონგრესი დახმარების პაკეტს, ალბათ უკრაინაც ხელს ჩაიქნევს და ალტერნატიული გზის მოძიებას დაიწყებს. მაგრამ ალტერნატიული გზებიც რეალურად ბევრი არაა. საჰაერო თავდაცვის სფეროში ამერიკულ სისტემებს ვერავინ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, აშშ-ის დახმარების დამტკიცება საბოლოოდ მაინც მოხდება”, - ამბობს ლაშა ბერიძე.