შალვა პაპუაშვილი - არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს, საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება - ამ გზაზე მათთვის არაფერი წმინდა აღარ არსებობს

არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს, საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება - ამ გზაზე მათთვის არაფერი წმინდა აღარ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხდება.

„ყველასთვის ცხადია, რომ დეზინფორმაციამ წალეკა ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში. დეზინფორმაციამ განაპირობა ემოციები, ხოლო ემოციებმა გამოიწვია დიდი უარყოფითი ენერგიის დაგროვება პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც. ხშირად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ უარყოფით ენერგიას პოლიტიკურ პოლარიზაციას უწოდებენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე, რადიკალიზმი წარმოადგენს პოლარიზაციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ. თითქმის 4 წელია ოპოზიციის ნაწილი სწორედ რადიკალიზმის ამგვარი გამოვლინებითაა დაკავებული. შეიძლება თქვას, რომ რადიკალიზმის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის. 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველ ჯერზე არჩევნების წაგების შემდეგ უარყოფენ არჩევნების შედეგებს ან ბოიკოტს უცხადებენ მას. მათი რიტორიკა მუდმივად მიმართულია არა დემოკრატიული და კანონიერი, არამედ ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისკენ. ხდება ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ამ გზაზე არაფერი წმინდა მათთვის აღარ არსებობს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „მარტის ძალადობრივმა აქციებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში რადიკალიზმის ალაგმვაში“.

„მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი ორაზროვანი განცხადება შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული რადიკალური უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ სახელმწიფოსა და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა