არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის “დეპუტატები” რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნას გეგმავენ.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” დნესტრისპირეთის “დეპუტატებზე” დაყრდნობით წერს.
როგორც მედია აღნიშნავს, ოკუპირებული რეგიონის “ხელმძღვანელობა” 28 თებერვალს “ყველა დონის დეპუტატის სხდომას” გეგმავს, რომელსაც დნესტრისპირეთის “პარლამენტის”, ასევე რაიონული, საქალაქო და სოფლის საბჭოების “დეპუტატები” დაესწრებიან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართავენ.
სხდომის ადგილი, მონაწილეები და თარიღი უკვე დადგენილია, თუმცა გადაწყვეტილება, რომლის გამოც “დეპუტატები” იკრიბებიან, ჯერ გამოცხადებული არ არის. ამავდროულად, ოკუპირებული რეგიონის “პოლიტიკოსები” არ მალავენ, რომ სხდომაზე საუბარი რუსეთზე იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დნესტრისპირეთის მოსახლეობამ თითქოსდა სხდომის გამართვის იდეით ოკუპირებული რეგიონის “პრეზიდენტს” ვადიმ კრასნოსელსკის პარასკევს მიმართა. ორშაბათს მან მხარი დაუჭირა იდეას, ხოლო ოთხშაბათს დნესტრისპირეთის “პარლამენტმა” სხდომის თარიღი დათქვა - 28 თებერვალი.
ამასთან, მედიის თანახმად, ოკუპირებული რეგიონის “პარლამენტის თავმჯდომარემ” ალექსანდრ კორშუნოვმა განაცხადა, რომ სხდომა მთელ მსოფლიოს მიმართავს და არა მხოლოდ რუსეთს.
“ვითარება რთულია, და ყველა სტრუქტურას უნდა მივმართოთ, მათ შორის ევროპულებსაც”, - განაცხადა კორშუნოვმა, მაგრამ მიმართვის შინაარსი არ დააკონკრეტა.
“დნესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოს” დეპუტატმა ვადიმ კრავჩუკმა განაცხადა, რომ სხდომის მიზანია დაადასტუროს, რომ ტირასპოლს კვლავაც სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.
“კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას აზრი არ აქვს. დნესტრისპირეთმა ჯერ კიდევ 2006 წელს დაადგინა [გაერთიანების] ვექტორი რუსეთთან, ევრაზიულ კავშირთან. ყველა დონის დეპუტატების სხდომა, დიდი ალბათობით, ჩვენს ზრახვებს დაადასტურებს”, - განაცხადა კრავჩუკმა.
კიდევ ერთმა “დეპუტატმა” გენადი ჩორბამ აღნიშნა, რომ სხდომის ჩატარება 28 თებერვალს იგეგმება, ხოლო 29 თებერვალს პუტინმა რუსეთის პარლამენტს სიტყვით უნდა მიმართოს.