ოთარ შამუგია სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიურ კომპლექსში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიურ კომპლექსში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ვიტყოდი, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. კვლევების და არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიპწა, ასევე თიხის ჭურჭლის ნიმუშები, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორიის აღიარებას. თქვენ იცით, რომ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი. 2017 წელს ამერიკელი მეცნიერის, პატრიკ მაკგოვერნის მიერ გამოქვეყნებული სტატიით დადასტურდა საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია. ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ვაზისა და ღვინის კვლევის პროექტს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტი, ობიექტის გადახურვას, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო პანდუსით.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება. მომდევნო ეტაპზე დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა. „გადაჭრილი გორა“ იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე - საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.

იმირის „გადაჭრილი გორა“ ქვემო შულავერის ჯგუფის ნამოსახლარებში ერთიანდება და ადრესამიწათმოქმედო ძეგლების უადრესი ნიმუშია. თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით.

არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია