„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ში, 26 ქართული კომპანია მონაწილეობს.

„აწარმოე საქართველოში“ ცნობით, Gulfood 2024-ზე, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.მ. მოიცავს.

სააგენტოს განმარტებით, წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისე ქართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც - საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული პროდუქციის მიმართ.

„საკვებისა და სასმლის მწარმოებელი 26 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი დუბაიში, სექტორის უმსხვილეს გამოფენაზე. შევცვალეთ ქართული პავილიონის დიზაინიც, რომ ის უფრო თანამედროვე ყოფილიყო და მორგებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების სტილს.

გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა წელს უპრეცედენტოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება შეხვდნენ საკვებისა და სასმელის სექტორის უმსხვილეს შემსყიდველებს მსოფლიოდან. აქედან გამომდინარე ველოდებით, მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც საზოგადოებასთან ერთად შევაჯამებთ“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ პროდუქტებს: გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, წვენები, თხილი და თხილის პროდუქტები, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკალი, ნუში, ხორცპროდუქტები, ყველი, ზღვის პროდუქტები, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები, ლიმონათი და სხვა.

ინფორმაციის თანახმად, Gulfood 2024-ის ფარგლებში, კომპანიებმა გამართეს B2B შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს