ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში  ინტეგრაციის მიმართულებით

ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.,

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა 2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს.

„მინდა შევაჯამო ბრიუსელში გამართული ვიზიტი, რომელიც, ვფიქრობ, შეასრულებს მნიშვნელოვან დადებით როლს ევროკავშირთან და ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში, შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირ- საქართველოს ასოცირების საბჭოს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნის და დელეგაციის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ძალზედ საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ.

„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებებს საქართველოს ერთიანი ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის სახელით ჩვენი ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წევრებს.

ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში - 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით