"გორმედის“ სამედიცინო ცენტრმა და "თბილისის გულის ცენტრმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას "გორმედი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში შიდა ქართლის მოსახლეობას "გორმედის“ სამედიცინო ცენტრში, ადგილობრივად, კარდიოქირურგიისა და არითმოლოგიის მიმართულებით კონსულტაციას გაუწევენ მედიცინის დოქტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე და "თბილისის გულის ცენტრის“ კარდიოქირურგი ლაშა ბასილაძე.
„მოწვეული სპეციალისტების მიერ შეფასდება პაციენტების ჩვენებები კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის: კორონარული შუნტირება, სარქვლოვანი პათოლოგიები, აორტის დაავადებები და ა.შ. ასევე, არჩილ ჩუხრუკიძის მიერ ჩატარდება სტაციონარული პაციენტების მონიტორინგი და "გორმედის“ კარდიოლოგიური სამსახურის გუნდთან ერთად შეფასდება გართულებული პაციენტების მკურნალობის სტრატეგია.
სისტემატიურად განხორცილდება რთულ და კომპლექსურ შემთხვევებზე კონსულტაციები - ჩამოყალიბდება "გულის მართვის გუნდი“ "გორმედისა“ და "თბილისის გულის ცენტრის“ ექიმების მიერ, რომელიც გაზრდის პაციენტების მკურნალობის ეფექტურობასა და ხარისხს.
"გორმედის“ სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. "გორმედის“ სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიურ სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის აკადემიური დოქტორი, ინტერვენციული კარდიოლოგი გოჩა აფხაძეა.
მისი ხელმძღვანელობით, კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურები მაღალ დონეზე ტარდება.
"გორმედის“ სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიურ განყოფილებაში ფუნქციონირებს 24 საათიანი კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ამ დროისათვის, გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირება, ასევე ნებისმიერი გეგმიური თუ გადაუდებელი კარდიოლოგიური მომსახურების მიღება, 24 საათის განმავლობაში, შესაძლებელია "გორმედის“ სამედიცინო ცენტრის გორისა და ხაშურის ფილიალში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.