NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში - პოლიტიკოსების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს

საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში.

დოკუმენტის თანახმად, კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა დაგანსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს.

ამასთან, ნათქვამია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაერო-ს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს.

„საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების, ასევე სერვისების მიწოდების თუ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია წინასაარჩევნო კონტექსტში. კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა და განსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამასთან, დელეგაცია მიესალმება პოლიტიკური აქტორების გონივრულ გადაწყვეტილებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის პირობებშია შესაძლებელი. სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფებს მონიტორინგის განხორციელება პირადი თუ საჯარო მუქარებისგან თავისუფალ გარემოში უნდა შეეძლოთ. პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაერო-ს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა. აღნიშნული არჩევნები არის საქართველოსთვის პირველი არჩევნები ევროკავშირის წევრობი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; ამასთანავე, პირველად გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, რომელიც საპარლამენტო მანდატების პროპორციული წარმომადგენლობით გადანაწილებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს. არჩევნების დღეს, ასევე ფართოდ იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. დელეგაცია მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა