ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის განვითარების პროექტს, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა დესტრუქციული ქმედება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლის დროს და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ პროექტთან. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო იტოვებს იმედს, რომ ბადლის კანიონის ტერიტორიაზე დროებითი კომისიის დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებას, ჩაივლის მშვიდ, სამუშაო გარემოში და არცერთი მხარე არ შეეცდება პროცესებისათვის ხელის შეშლას და სხვა დესტრუქციულ ქმედებებს.

აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში - პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.

შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორებისთვის მიუწვდომელი იყო, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის