რა ფორმით წარდგება ნიკა მელიას პარტია არჩევნებზე, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამის შესახებ მელიას თანაგუნდელმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული საერთო ინტერესსა და საერთო საქმეზე.
„ამ კვირაში ჩვენი მხრიდან იქნება გაცხადებული, თუ როგორ წარვდგებით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ეს გადაწყვეტილება არ იქნება დაფუძნებული ჯგუფის ეგოისტურ განწყობაზე, რომლის ამოცანაა მხოლოდ და მხოლოდ გარანტირებული წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული საერთო ინტერესსა და საერთო საქმეზე, რა უკეთესია საერთო საქმისთვის. მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ 50+1-ის შეგროვება შეძლოს“,-განაცხადა დოლიძემ.
მისი განმარტებით, საერთო ინტერესისთვის რა იქნება უკეთესი, ეს კომპლექსური საკითხია და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამასთან, ბაჩო დოლიძის თქმით, მათი პარტიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ყველა ამომრჩეველს ესაუბრებიან.
„ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ყველანაირ ამომრჩეველს ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომელსაც ცვლილება უნდა. არ არის ეს ხალხი ასეთი „დასეგმენტირებული“, როგორც ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ერთხელ თუ ვიღაცას მისცა ხმა, ცხოვრების ბოლომდე იმას მისცემს. ყველას უნდა ნორმალური ცხოვრება. ხომ შეიძლება ჩვენმა შვილებმა და ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ ისე, რომ ერთი და იმავე წრეზე არ ვტრიალებდეთ და ყოველი ხელისუფლების ცვლილება ნიშნავდეს ავტომატურად წინა ხელისუფლების ჯვარზე „გაცმას“, გასამართლებას და პოლიტიკურ რეპრესიებს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს!“, - განაცხადა დოლიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც გააუმჯობესებს და უფრო ჯანსაღს გახდის ვითარებას. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ცესკოსთან დაკავშირებით შექმნა ჯგუფი, რომელმაც ნოტარიუსს ფუნქცია უნდა შეასრულოს.
„ამის შესაძლებლობა ჩვენ არ უნდა მოვცეთ. პირველ რიგში, შედეგებით. ისეთ შედეგები უნდა დაიდოს, რომელიც კითხვის ნიშანსაც კი არ უნდა აჩენდეს. ის, რომ ტექნოლოგიური ან სხვა თვალსაზრისით მამაძაღლობას ეცდებიან, ეს ცხადზე ცხადია. არ გვაქვს ჯანსაღი საარჩევნო ამინდი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, თქვენ ნახავთ პოლარიზებას“, - განაცხადა დოლიძემ.