დღეს პარლამენტის ბიუროს ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტები წარედგინება

დღეს პარლამენტის ბიუროს ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტები წარედგინება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტები გასულ კვირას დაინიცირდა, დღეს ბიუროზე გავა და შესაბამის კომიტეტებს გადაცემა, რის შემდეგაც პარლამენტი უკვე საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავს მათ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტებზე, თუ რა შეიძლება შეცვლილიყო ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ფორმატში ჰქონდათ საუბარი.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემთხვევაში, ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ეს არ იქნება მხოლოდ წლიური ანგარიშები, არამედ შეეძლებათ ნებისმიერ მომენტში სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება.

სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება, რომ საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ამ სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, მის მიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან, კონკურსის გარეშე შეარჩიოს პირადად მან. გარდა ამისა, იზრდება საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები, იზრდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე გაიზრდება.

იზრდება პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების კვორუმი დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და მის ქვემდებარეობაში იქნებიან ასევე პროკურორებიც.

რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, მისი დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გასაზრდელად კანონპროექტში აისახა შემდეგი ცვლილებები:

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისთვის დგინდება იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების და ჩხრეკის მიმართ, იმავე ხარისხის, რაც აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს და აქაც იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ზუსტდება და ვიწროვდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ძალიან შეზღუდული, ობიექტურად შეფასებადი კრიტერიუმების დროს, სულ რამდენიმე პუნქტია, მაგალითად, როგორიც არის მოქალაქეობის დაკარგვა, გარდაცვალება, სისხლისსამართლებრივ დანაშაულში დამნაშავედ ცნობა და ა.შ. სამუშაო ფორმატში, დისკუსიის შედეგად კიდევ უფრო დავავიწროვეთ და შევამცირეთ ეს შესაძლებლობები, რაც გამორიცხავს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თვითნებურ გათავისუფლებას.

ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება, როგორიცაა პირის გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. საჯარო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. ესაა ფორმა ადმინისტრაციული წარმოების, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ეფექტიანად იმუშაოს გარკვეულ შემთხვევებში.

ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით, განისაზღვრა პერიოდი, როცა ანტიკორუფციული ბიურო ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის შემდეგ თავად გააკეთებს პირველად შემოწმებას ერთი თვის განმავლობაში და თუკი ხარვეზები აღმოჩნდება, მიუთითებს დეკლარანტს და მისცემს დროს შესასწორებლად. ეს მისცემს საშუალებას როგორც დეკლარანტებს, ისე ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ტექნიკური ხარვეზები, რომელიც ძირითადად არის ხოლმე სტატისტიკის გაზრდის საფუძველი, აღმოიფხვრას.

ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება მამხილებლის სტატუსის მინიჭებისა, ასევე სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისა.

ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ასევე ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ქვეშ, რომ დაცული იყოს პერსონალურ მონაცემები,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ