პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავენ

პოლონეთი თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„პოლონეთი არ გეგმავს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას. მიმაჩნია, რომ დღეს მომავალზე სპეკულირება არ უნდა მოვახდინოთ არც იმაზე, იქნება თუ არა გარემოებები, რომლებიც ამ პოზიციის შეცვლას გამოიწვევს. დღეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას სამხედრო ძალისხმევაში“, - აღნიშნა ტუსკმა პრაღაში, ვიშეგრადის ჯგუფის სამიტზე.

იგივე პოზიცია გააჟღერა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამაც.

„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა განვავითაროთ უკრაინის მხარდაჭერის გზები, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ დავიწყეთ. მიმაჩნია, რომ არ გვჭირდება სხვა მეთოდების ან გზების გახსნა,” - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა და დასძინა, რომ ამჟამად ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებაზე და ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში იარაღსა და ჯარისკაცებს არ გაგზავნის.

„შემიძლია დავადასტურო, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინაში თავიანთი ჯარისკაცები გაგზავნონ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ არასოდეს - სლოვაკეთი ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ არ გავაგზავნით იარაღს უკრაინაში, წავა სლოვაკი ჯარისკაცი უკრაინაში არასდროს წავა“, - აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ