„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ, პროექტის ავტორებთან - ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გამართულ პრესკონფერენციაზე, კომპლექსის უსაფრთხოების, ლანდშაფტზე ზემოქმედებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ჭრილში მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „ორბი ბახმაროს“ განვითარების საკითხი დღის წესრიგში კურორტზე ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და მისი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე დადგა. როგორც ირაკლი კვერღელიძემ განმარტა, ბახმარო უნიკალური კურორტია, რომელსაც თავისი კლიმატისა და ლანდშაფტიდან გამომდინარე, ოთხივე სეზონზე შეუძლია დამსვენებლების მიღება, თუმცა ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
მისი თქმით, კომპანია სრულად იცავს გენგეგმის პარამეტრებს, რაც არის უმთავრესი გარანტია ბახმაროს ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის.
„მკაფიოდ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ „ორბის“ პროექტის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებისა და ნებართვის მიღების პროცედურა 2 ფაზად არის გაყოფილი - ამ ეტაპზე, პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია მხოლოდ კომპლექსის ნაწილზე, რომელიც, ჯამურად, მოიცავს 4 ჰა ტერიტორიას. რაც შეეხება მე-2 ფაზის პროცედურას, ამაზე, როგორც ვიცით, გაიმართება საჯარო განხილვები, რომ ვიმსჯელოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ჩვენს საზოგადოებას და პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარეს ავუხსნათ პროექტის სარგებელი, ასევე დეტალურად განვიხილოთ და ამოვწუროთ უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან თუ განაშენიანებასთან დაკავშირებული საკითხები. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება, ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 ჰა-დან შენობა-ნაგებობები მხოლოდ მის მერვედ ნაწილზე აშენდება“, - განმარტა ირაკლი კვერღელიძემ.
„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ბახმაროს პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში დასაქმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას. მათ შორის, სასოფლო სამურნეო საქმიანობის განვითარებასა და ამ საქმიანობიდან, მეტი სარგებლის მიღებას.
„ხაზგასასმელია, რომ პროექტში, მშენებლობის ეტაპზე, დასაქმდება ასობით ადგილობრივად მცხოვრები ადამიანი, ხოლო სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სოციალური და კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია „ორბი“ იზრუნებს ადგილობრივი კადრების გადამზადებაზე და შესაბამისად, დასაქმებაზე - საუბარია რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია, რომ ახალი ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას დასაქმების ბაზარზე. ჩვენი გათვლებით, სასტუმროს სრულად ფუნქციონირების პირობებში წელიწადის 4 სეზონზე 300 000 ვიზიტორი გვეყოლება, ასეთი ზრდა კი დამატებით ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნასა და ფასების ზრდას. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მესაქონლეობას ეწევა, პროდუქტის ადგილზე რეალიზების საშუალება მიეცემა. ასეთივე მოთხოვნა ექნება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს, რომლებიც ადგილზე იწარმოება.
მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც მომსახურების სფეროში დასაქმების მიზნით, ამჯერად ცხოვრება და მუშაობა უწევთ სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში, საშუალება მიეცემათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს და ადგილზე შეძლონ მათთვის მისაღები პირობებით, სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დასაქმება“, - განმარტავს ირაკლი კვერღელიძე.
მისივე ინფორმაციით, პროექტი შეესაბამება ბახმაროს განვითარების სტრატეგიულ კონცეფციას, კერძოდ: ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ტერიტორიაა გათვალისწინებული მიზიდულობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც მოეწყობა ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი-სამედიცინო ცენტრი, აფთიაქი, აუზი, სპა-ცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორანი, კაფე და ა.შ.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ობიექტის მშენებლობისთვის გამოყენებული იქნება სამთო კურორტებისთვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების მასალები და პროექტის ვიზუალური ნაწილი მთლიანად იქნება ხე და ბუნებრივი ქვა.
„ორბი ჯგუფი“ გეგმავს, „ორბი ბახმაროს“ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით ინვესტიცია განახორციელოს.
„ჩვენი გათვლებით, სასტუმროს სრულად ფუნქციონირების პირობებში წელიწადის 4 სეზონზე 300 000 ვიზიტორი გვეყოლება, ასეთი ზრდა კი დამატებით ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნასა და ფასების ზრდას. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მესაქონლეობას ეწევა, პროდუქტის ადგილზე რეალიზების საშუალება მიეცემა. ბახმაროს, ერთი მხრივ, აქვს მრავალი გამოწვევა და საჭიროებს ქმედებებს მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, გააჩნია მნიშვნელოვანი ბიომრავლფეროვანი, რესურსული, ბუნებრივი პოტენციალი, რაც შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური განვითარების გაღრმავებისა და მთაში მაცხოვრებელთა ყოველდღიური კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, „ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე განმარტავს, რომ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, შპს „ჯეონჟინერინგმა“ 2023 წლის სექტემბერში, კომპანიის დაკვეთით ჩაატარა სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევა. მათი ინფორმაციით, ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კომპანიის ტერიტორიაზე რაიმე ტიპის გეოდინამიკური (ფიზიკურ-გეოლოგიური) მოვლენები, ან მშენებლობისა და ნაგებობის შემდგომი ექსპლუატაციისათვის არახელსაყრელი პროცესები არ ფიქსირდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გვსურს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ, არის ის ფაქტი, რომ ობიექტის მშენებლობა არ მიმდინარეობს ზვავსაშიშ ზონაში. ტერიტორია, რომელიც ზოგადად, ბახმაროში ისტორიულად ზვავსაშიშ ზონად მიიჩნევა, კომპანია „ორბის“ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება, იქ მრავალი წელია არსებობს შენობა-ნაგებობები და საბედნიეროდ, კურორტის აღმოჩენიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე არანაირი ზიანი სტიქიური პროცესებისგან არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ განახორციელა „ორბის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიების ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასება. ამ კვლევისას გაკეთდა ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება. აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული კვლევა-შეფასება ეხება არა იმ ტერიტორიას, სადაც „ორბის“ მიერ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, არამედ ეხება „ორბის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიებს, თუმცა იქაც თოვლზვავის რისკები ექვემდებარება მართვას.
ასევე, კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა „ორბის" პროექტთან დაკავშირებული სამთო-სათხილამურო ნაწილის კვლევის, ტრასებისა და საბაგიროების დაგეგმვის, ასევე მისასვლელი გზის ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასებაც, აქაც ხელოვნურად გაკეთდა ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარი და დადგენილია, რომ პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება“, - განმარტა ირაკლი კვერღელიძემ.
„ორბი ჯგუფის“ დირექტორმა უპასუხა პროექტის ავტორ კომპანიასთან WilkinsonEyre-თან დაკავშირებით არსებულ კითხვებსაც. მისი თქმით, პროექტის შესაბამისობისთვის „ორბი ჯგუფმა“ 6 კომპანიასთან აწარმოა მოლაპარაკებები და შეარჩია მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში შემავალი კომპანია WilkinsonEyre. ირაკლი კვერღელიძის განმარტებით, კომპანია პროექტის შექმნისას სწორედ ბახმაროს განაშენიანების გენერალურ გეგმას დაეყრდნო.
WilkinsonEyre-ის მმართველი პარტნიორისა და არქიტექტორის სემ ვრაითის განცხადებით, კომპანიას საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებული აქვს მრავალი ავტორიტეტული პროექტი, მათ შორის სინგაპურის ბაღები. რაც შეეხება „ორბი ბახმაროს“, მისი თქმით, პროექტი სრულ შესაბამისობაშია ლანდშაფტთან და ის ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიქმნა:
„მე პირადად 4-ჯერ მოვინახულე ბახმარო და შევისწავლეთ, თუ რა საჭიროებები არსებობს კურორტზე. აშკარად თვალშისაცემია ულამაზესი ბუნება, თუმცა ამ ტერიტორიაზე არის ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენი გეოლოგების გუნდმა შეისწავლა ადგილობრივი ლანდშაფტი, რომ შევასრულოთ ჩვენი მიზანი - რაც შეიძლება ნაკლები კვალი დატოვოს მშენებლობამ ადგილობრივ ეკოსისტემაზე, შევინარჩუნოთ ადგილობრივი მრავალფეროვნება, ეკოლოგია და არათუ ზიანი მიადგეს ბუნებას, არამედ მისი თავისებურებები კიდევ უფრო აღვადგინოთ“,- განაცხადა WilkinsonEyre-ის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ „ორბი ჯგუფმა“ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა გეოლოგიური კვლევები, რომლებიც კომპანიის დირექტორის განმარტებით, დაინტერესების შემთხვევაში, მედიისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
(R)