სახალხო დამცველი გერმანიის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებს შეხვდა

28 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელ-მაიერ ბეკერს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს აპარატის მანდატი გააცნო; ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმებზე და კანონის უზენაესობის საკითხებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმებზე.

„მრავალმხრივი დისკუსიისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში მაცხოვრებელთა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესის განხილვისას სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აპარატის ჩართულობაზე და ქვეყანაში დასავლური, დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად აქტიურ მუშაობაზე.

დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და სახალხო დამცველის ექიმ-ექსპერტთა მიერ მისი მკურნალობის შეფასების შედეგებით.

საქართველოს შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია, კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა