რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი - სწორი იქნება, ემანუელ მაკრონმა გაიხსენოს, როგორ დასრულდა რუსეთში შეჭრა ნაპოლეონისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურნენ.

ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სწორი იქნება, ემანუელ მაკრონმა გაიხსენოს, როგორ დასრულდა რუსეთში შეჭრა ნაპოლეონისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის.

„პირადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაკრონმა ვერ მოიფიქრა იმაზე უკეთესი, ვიდრე მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. მისი ინიციატივები საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საშიში ხდება. ასეთი განცხადებების გაკეთებამდე, სწორი იქნებოდა მაკრონმა გაიხსენოს, როგორ დასრულდა ეს ნაპოლეონისთვის და მისი ჯარისკაცებისთვის, რომელთაგან 600 000-ზე მეტი ნესტიან მიწაში ჩაწოლილი აღმოჩნდა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

ამასთან, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, მაკრონის განცხადება იმის მაგალითია, თუ რამდენად გაუმართავი გახდა დასავლური პოლიტიკური აზროვნება.

„ბონაპარტის პატარა და ტრაგიკულ მემკვიდრეებს ნაპოლეონის მასშტაბით შურისძიების სურვილი აქვთ და სასტიკ და უკიდურესად სახიფათო სისულელეებს აფრქვევენ“, - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს