„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა, ეუთო/ოდირმა, ვენეციის კომისიამ წარმოგვიდგინა საარჩევნო სისტემის დასახვეწად, არათუ არ არის შესრულებული, გარკვეული მიმართულებებით უკუსვლაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის ნათელი მაგალითია თებერვალში, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციაში პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტო დადების დაანონსებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში სრულად იქნება ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

"ჩვენი შეფასებით ის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა, ეუთო/ოდირმა, ვენეციის კომისიამ წარმოგვიდგინა საარჩევნო სისტემის დასახვეწად, არათუ არ არის შესრულებული, არამედ გარკვეული მიმართულებებით უკუსვლასაც ვხედავთ. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ვიტყოდი, საგანგაშოც არის, სწორედ იმიტომ, რომ წელს არჩევნების წელია და ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეცვლა, თუმცა ასევე არის ინსტიტუციური გზა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო საკანონმდებლო პაკეტს და ეს არის რეალურად ის შანსი, რომელიც წესით ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს და შეიტანოს ყველა ის ცვლილება, რომელიც მოთხოვნილია ჩვენი პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ონიანმა.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის კომპლექსური და ღრმა რეფორმაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკომისიის მოთხოვნები და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები.

„პარტიის გაუქმების შესახებ ინიციატივა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რადგან პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლებით.

პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც იურიდიული პირების შემოწირულებებს კრძალავს და პარტიების წლიური ხარჯების უფრო დაბალ ზღვარს (მშპ-ს 0.05%-დან 0.04%-მდე) ადგენს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა, არასაკმარისია და მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება," - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია