ლევან იოსელიანი - იმ ქვეყნებზე, სადაც „ვეტინგის“ სისტემა ჩატარდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ცალსახა არ არის, რომ ყველგან წარმატებული იყო - ეს არის საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს

ეს არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და მსჯელობა უნდა გაიმართოს საზოგადოებაში - იმ ქვეყნებზე, სადაც "ვეტინგის" სისტემა ჩატარდა, გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ცალსახა არ არის, რომ ყველგან წარმატებული იყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა რეფორმა უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რაც საქართველოს გააჩნია.

„რეკომენდაცია გულისხმობს რეფორმის გატარებას, იქნება ეს "ვეტინგის" სისტემით თუ სხვა ასე ვთქვათ, მექანიზმებით. ეს არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და მსჯელობა უნდა გაიმართოს საზოგადოებაში. იმ ქვეყნებში, სადაც "ვეტინგის" სისტემა ჩატარდა, გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ცალსახა არ არის, რომ ყველგან წარმატებული იყო. მაგალითად, ალბანეთში დამატებით სხვა პრობლემები გამოიწვია. ამიტომ, ასეთი რეცეპტი არ არის ის, რომელიც ავტომატურად მოაგვარებს პრობლემებს. მით უმეტეს, ყველაფერი რაც არ უნდა გაკეთდეს, უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ამის იქით თუ პოლიტიკურ პარტიებს, ანუ, მმართველს პარტიებს და ოპოზიციას შორის მოხდება შეთანხმება სხვა ტიპის რეფორმაზე, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ამ ნაწილშიც შეაფასებს უკვე ამ რეფორმის სამართლიანობას და მათ შორის, იმ მოსამართლეების მიმართ შრომითი უფლებების დაცვის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ამ რეფორმის ნაწილში დაზარალდეს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვუყურებთ რეფორმას, არამარტო სამართლიანი სასამართლოს კუთხით, არამედ მათ შორის, შრომითი უფლებების კუთხითაც. ამიტომ, გააჩნია რაზე მოხდება შეთანხმება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ამ ეტაპზე, როდესაც 9 რეკომენდაციის ფარგლებში, მოთხოვნილია, მათ შორის სასამართლოში მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება, ამ მიმართულებით არსებობდეს მზაობა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს სასამართლოსადმი ნდობას გაზრდის და რაც მთავარია, საქართველოს მისცემს შანსს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს არ იყოს დამაბრკოლებელი. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობას მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმეების რაოდენობა და გადატვირთული სასამართლო მაქსიმალურად იყოს შემცირებული. ეს იქნება ერთ-ერთი წინაპირობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის. [ახალი მოსამართლეების სასამართლოში შესვლა] არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენს ანგარიშში ვუსვამთ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე სისტემა, სადაც ახალ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ დაიკავონ პოზიციები სასამართლოში. ამასთან, სასამართლოს გადატვირთულობა ამ თვალსაზრისით, არ იყოს დამაბრკოლებელი იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწრაფ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საშუალება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

გარდა ამისა, ომბუდსმენი გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაა.

„პრეზიდენტს აქვს დისკრეცია შეიწყალოს მსჯავრდებულები, შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და ბუნებრივია, მან უნდა მიიღოს. ჩვენ, ამ თვალსაზრისით, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ პრეზიდენტის დისკრეციაა და შესაბამისად უნდა იმოქმედოს", - განაცხადა იოსელიანმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა